პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე 159-მა მსჯავრდებულმა საპატიმრო დატოვა
1768903756
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჭიათურაში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე 4 პირი დამნაშავედ ცნო.
ბრალდებულებიდან ორს 6 წლით და 3 თვით, კიდევ ორს კი 4 წლით და 3 თვით პატიმრობა მიესაჯათ. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდებარე მაღაროებში წარმოებული საქმიანობის გამო, 2025 წლის 28 აპრილს, ორმა ბრალდებულმა ორგანიზება გაუწია ერთ-ერთი მაღაროს დირექტორზე ჯგუფურ თავდასხმას.
ბრალდებულები, სხვა პირებთან ერთად, თავს დაესხნენ დაზარალებულს და მასზე ფიზიკურად იძალადეს. დაზარალებულმა მიიღო ყვრიმალის ძვლის ფრაგმენტული მოტეხილობა და სხვადასხვა დაზიანებები.
"ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის" იურისტის, გიორგი ყავლაშვილის თქმით, იმ ოთხ პირთაგან, რომელთა მიმართაც გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი წარმოადგენდა მაღაროს ყოფილ თანამშრომელს.
"მინდა, ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ იმ ოთხ პირთაგან, რომელთა მიმართაც დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი წარმოადგენდა მაღაროს ყოფილ თანამშრომელს, ანუ სამთო სამუშაოებში ჩართულ პირს, დანარჩენი სამი პირი კომპანიის თანამშრომელი არ გახლდათ. ასევე, ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ ამ ფაქტებს, რაც სასამართლოში იყო განხილვის საგანი, სამწუხაროდ, ადგილი ნამდვილად ჰქონდა. ამასთან დაკავშირებით არაერთი ვიდეო მტკიცებულება, ჩვენება და ფაქტობრივი მასალა, მათ შორის, სხვადასხვა სოციალურ ქსელების მეშვეობითაც იქნა გაშუქებული. ამიტომ, საუბარი იმაზე, რომ ამ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია ნამდვილად საფუძველს მოკლებულია. სამწუხარო გახლავთ ის გარემოება, რომ თავად ბრალდებული პირების მიერ არ მოხდა ჩადენილი და განხორციელებული ქმედებების მიმართ მონანიება და ამის აღიარება. მსგავსი ტიპის თანამშრომლობა, მოგეხსენებათ, ზოგადად, სასამართლოში არსებული პრაქტიკის შესაბამისად იწვევს საშეღავათო გადაწყვეტილების მიღებას და ძალიან კარგი იქნებოდა, ჩემი აზრით, თუ ჩადენილი ქმედების მიმართ ისინი განახორციელებდნენ ამ მიდგომას, ითანამშრომლებდნენ, გულწრფელად მოინანიებდნენ, საგამოძიებო ორგანოს დაარწმუნებდნენ თავის გულწრფელობაში და მათ მიმართ დადგებოდა უფრო შეღავათიანი განაჩენი, ვიდრე დღეს იქნა მიღებული სასამართლოს მიერ", - განაცხადა "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის" იურისტმა გიორგი ყავლაშვილმა.