მარიამ ლაშხმა კვლევის „STEM-ის შესაძლებლობები და გამოწვევები საქართველოში“ ანგარიშის პირველადი პრეზენტაცია გამართა

მარიამ ლაშხი

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო წევრმა, მარიამ ლაშხმა, აიტი ასოციაციის (ICTA Association) ღონისძიების ფარგლებში, გამართა კვლევის „STEM-ის შესაძლებლობები და გამოწვევები საქართველოში“ ანგარიშის პირველადი პრეზენტაცია.

როგორც მარიამ ლაშხმა განაცხადა, კვლევა განხორციელდა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს,

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივი მუშაობით, ასევე, საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მკვლევრების ჩართულობით.

„კვლევის საგანი იყო STEM განათლების დისციპლინების (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, მათემატიკა) ინტეგრირება განათლების სექტორში და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები, ასევე დასაქმება და საკანონმდებლო ჩარჩოს ანალიზი.

კვლევის ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები გავაცანი აიტი ინდუსტრიის წარმომადგენლებს.

ყურადღება გამახვილდა იმ ძირითად რეკომენდაციებზე, რაც უშუალოდ ეხება აიტი ინდუსტრიის ჩართულობას STEM განათლებაში. გვქონდა დისკუსია და ვისაუბრეთ, მათ შორის, თუ როგორ შეუძლია პარლამენტის ხელი შეუწყოს STEM განათლებასა და დასაქმებას. დავგეგმეთ, რომ სამუშაო ჯგუფი მუშაობას გააგრძელებს იმისათვის, რომ ამ რეკომენდაციებს საკანონმდებლო ინიციატივის სახე მიეცეს“, - აღნიშნა მარიამ ლაშხმა.