1738871769
მამუკა მდინარაძე: ოპოზიციას სიტუაციის უფრო მეტად გამწვავებაზე ჯერ როგორც ჩანს დირექტივა არ მიუღიათ. ეს რომ ყოფილიყო სამი თვის წინა პერიოდი, თუკი ვინმე სადმე ეგულებათ, რომელიც შეიძლება ქუჩაში გამოვიდეს, ყველა ქუჩაში იქნებოდა
![მამუკა მდინარაძე მამუკა მდინარაძე](https://primetime.ge/uploads/files/2024/11/27/106159/mamuka-mdinaradze_w_h.jpeg)
სიტუაციის უფრო მეტად გამწვავებაზე ჯერ როგორც ჩანს დირექტივა არ მიუღიათ. მთელი პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს რომ ყოფილიყო სამი თვის წინა პერიოდი, ახლა იქნებოდა თუკი ვინმე სადმე ეგულებათ, რომელიც თეორიულადაც კი შეიძლება ქუჩაში გამოვიდეს, ყველა ქუჩაში იქნებოდა. ასეთი დირექტივა იქნებოდა გაცემული, ასეთი დავალება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციაზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“.
„ორი დღეა ამ მიმართულებით ჩამი-ჩუმი არ ისმის. ვინც გამოდიოდა, სამსახურივით რომ დადიან ბირჟაზე, ის რამდენიმე ასეული ადამიანი დადის ისევ იმ ბირჟაზე. ხმას არ იღებს არავინ იმიტომ, რომ დავალების მიმცემმა არ იცის თავად რა ქნას. როგორ მოიქცეს, რა ტაქტიკა აირჩიოს, აშშ-ს პოზიცია რამდენად დაემთხვევა მისას, მათ შორის საელჩომაც არ იცის რა იმოქმედოს. საელჩომ, რომელმაც რამდენიმე კვირაა ხმა არ ამოუღია და ერთადერთი ადამიანი ვარ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ვისაც უპასუხეს, მაგრამ მეორე დღეს გამოვედი და ვთქვი, რომ რაც მათ გვიპასუხეს ძალიან ზოგადი და პრაქტიკულად აბსტრაქტული პასუხი იყო.
რატომ იმას არ ამბობენ ოჯახურ ღირებულებებზე, გამჭვირვალობაზე, ომის დამთავრებაზე და მსგავს საკითხებზე, რომლებიც პრეზიდენტმა ტრამპმა აბსოლუტურად ამოაყირავა ნარატივი და მიდგომები ამასთან დაკავშირებით. რატომ არც ერთზე არ თქვა საელჩომ, რომ ამ ახალ მიმართულებებს ჩვენ ვეთანხმებით.
ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს როგორ მოქმედებდა საელჩო და როგორ ერეოდა პირდაპირ საქართველოს საქმეებში და არამხოლოდ აშშ-ს საელჩო. დღეს გვაქვს ჩვენ იმისი შნო, რომ ვილაპარაკოთ ასე თამამად იმიტომ, რომ საქართველო მაღალი დამოუკიდებლობის ხარისხით რეგიონში გახდა ერთ-ერთი ძალიან სერიოზულად ანგარიშგასაწევი ძალა. ეს ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ქვეყანა, ხალხი და მისი არჩეული ხელისუფლება შეძლებს, რომ ეს დამოუკიდებლობის ხარისხი მოიპოვოს თავისი თამამი გადაწყვეტილებების ხარჯზე“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.