ქარბუქი, წვიმა, თოვლი - საქართველოში ამინდი მკვეთრად იცვლება
1738586121
ის, რაც ხდება ქუჩაში, თუ ვინმეს სჯერა, რომ საელჩოსგან დამოუკიდებლად ხდება, მან არაფერი იცის იმის შესახებ, რაც ხდება ქუჩაში, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, რითაც უპასუხა კითხვას, თუ როგორ შეაფასებდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მუშაობას, არის თუ არა თანხვედრაში ტრამპის პოლიტიკასთან.
მისივე თქმით, საქართველოში შტატების საელჩო კვლავ განაგრძობს პატრონობას[რადიკალების] იმ გაგებით, რასაც მაგალითად, გუშინდელი აქციის ორგანიზება ჰქვია.
„თუ ამ ქვეყანაში ერთი ადამიანი არის, მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ ამას, რომელიც ფიქრობს, რომ ქუჩის აქციები, ის პიარ კამპანიები, ის მავნებლობები, რაც წარმოებს აგენტურული ოპოზიციის მიერ, ამ აგენტურის პატრონების ან საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსგან აბსოლუტურად დამოუკიდებლად და დისტანცირებით ხდება, მას წარმოდგენა არ აქვს, დიდი ბოდიში ყველასთან, ვისაც ასე სჯერა, მაგრამ მე ვეუბნები მას, ნებისმიერ მოქალაქეს დიდი პატივისცემით და არა ნიშნისმოგებით, მას წარმოდგენა არ აქვს რა ხდება დღეს საქართველოში, არცერთ დეტალზე, არც გლობალურად და არც ვიწრო თემებთან მიმართებაში.
სამწუხაროა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეული ხელისუფლების განცხადებები, ნარატივები ერთია და მისი ქვედა რგოლების, მათ შორის, საქართველოში ამერიკის საელჩოს მოქმედება აბსოლუტურად აცდენილია იმ განცხადებებს, რასაც ვისმენთ. იმედია, ეს ძალიან მალე გასწორდება. ბუნებრივია, შტატები არ არის პატარა ქვეყანა, პატარა ბიუროკრატია არ არის შტატებში, რომ ასე მარტივად შეიძლებოდეს „დიფ სთეითის“ დამარცხება და მისი გავლენების, სხვა დაბალ რგოლებშიც ეს პრობლემები იქნება, დარწმუნებული ვარ, მაგრამ ჩვენ ჩვენი გვაწუხებს უფრო, ვიდრე სხვა დანარჩენი. მივეჩვიოთ ამას, რომ ჩვენმა უნდა შეგვაწუხოს უწინარესად, არა სხვამ, არა უკრაინამ, არა მოლდოვამ. ჯერ ჩვენმა და შემდეგ კი ბატონო, ვიმეგობროთ ვისთანაც გინდათ დიდი ენთუზიაზმით, მაგრამ საქართველოში შტატების საელჩო კვლავ განაგრძობს პატრონობას იმ გაგებით, რასაც მაგალითად, გუშინდელი აქციის ორგანიზება ჰქვია. ეს ჩვენი შეფასება და ჩვენი ინფორმაციაა, არა მხოლოდ შეფასებაა. იმედია, ნელ-ნელა ეს მიდგომა, ქვედა რგოლების თვითნებობა, „დიფ სთეითის“ მსახურება და არა ამერიკელი ხალხის მსახურება, მალე დამთავრდება. სუბიექტურადაც ეს გვაწყობს. ამ შემთხვევაში მე ამერიკის შეერთებული შტატების ბიუროკრატიაში არსებულ, ჯერჯერობით აღმოუფხვერ ხარვეზებზე კი არ ნერვიულობ იმდენად, რამდენადაც მე პირადად, როგორც პოლიტიკოსი და როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, ეს მაწუხებს საქართველოსთან მიმართებაში. იმასთან მიმართებაში, რაც ვილაპარაკე, რომ სანამ ქვედა რგოლი ზედა რგოლის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, მანამდე ეს ჯანჯღარი და გარკვეული ტურბულენტობა, მაინც გაგრძელდება, რაც აზიანებს საქართველოს ეკონომიკას, ლარის კურსს, მოქალაქეების უფლებებს და ა.შ. ეს რამდენადაც აღმოიფხვრება, იმდენად კიდევ უფრო თავისუფალი იქნება საქართველოს მოქალაქე, ხელისუფლება, ქართველი ხალხი თავის მოქმედებებში და მით მეტად გაიუმჯობესებს დამოუკიდებლობის და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, კეთილდღეობის ხარისხს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.