მამუკა მდინარაძე: არსებობს კონფლიქტის გადაჭრის ორი გზა. ერთია ომი და მეორეა ურთიერთპატიება. ჩვენ ვირჩევთ ურთიერთპატიების გზას

მამუკა მდინარაძე

არსებობს კონფლიქტის გადაჭრის ორი გზა. ერთია ომი და მეორეა ურთიერთპატიება. ჩვენ ვირჩევთ ურთიერთპატიების გზას, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, ბიძინა ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ოპოზიციის ხელოვნურ აჟიოტაჟს.

მისი თქმით, ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის განცხადების ინტერპრეტაციას ახდენს.

„არსებობს კონფლიქტის გადაჭრის ორი გზა. ერთია ომი და მეორეა ურთიერთპატიება. ჩვენ ვირჩევთ ურთიერთპატიების გზას. და იმ ადამიანებმა, ვინც გაილაშქრეს ქვეყნის ერთიანობის, ურთიერთპატიების, შერიგების წინააღმდეგ, უნდა კარგად გაათვითცნობიერონ რას დაუპირისპირდნენ, რასთან დაკავშირებით სცადეს სპეკულაციები, რასთან დაკავშირებით სცადეს, აი, ამ ბინძურ, პოლიტიკურ შეხლა-შემოხლაში (და სიბინძურე მხოლოდ მათი მხრიდან არის) გაერიათ, გაესვარათ გმირების სახელები და გვარები. რას ატყუებენ ისინი ქართულ საზოგადოებას და რატომ სჭირდებათ ტყუილის თქმა, თითქოს ვინმე ამბობს, რომ ან ოკუპანტს, ან მკვლელს ან მწამებელს ბოდიში უნდა მოუხადოს ვინმემ.

უნდა ჩამოვყალიბდეთ, ოსები და აფხაზები არიან თუ არა ჩვენი დები და ძმები, თუ როგორც ისინი ამ სამი დღის განმავლობაში ბინძურად აკეთებენ, ისინი არიან დამნაშავეები?! დიახ, დამნაშავეა მკვლელი და მწამებელი და ის მკვლელები და მწამებლები ისეთივე ოსები და აფხაზები არიან, როგორც მიხეილ სააკაშვილის ქართველი. და ეს უნდა შეიგნონ ბოლო-ბოლო. ქვეყნის გაერთიანების იდეის აღსრულებას და ერთიანი საქართველოს იდეის აღსრულებას დიდი პოლიტიკური გამბედაობა და ვაჟკაცობა სჭირდება! და ამ ვაჟკაცობის შემადგენელი ნაწილია ბოდიშის მოხდაც, სადაც ეს საჭირო და აუცილებელია ურთიერთპატიებისათვის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.