მაკრონი: ტრამპი უკრაინაში ომის დასრულების ერთგულია

ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მან სატელეფონო საუბრები გამართა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და აშშ-ის ლიდერთან, დონალდ ტრამპთან.

მაკრონმა ზელენსკისთან საუბრის დეტალები არ გაამხილა, თუმცა აღნიშნა მისი მამაცობა ტრამპის ინიციატივაზე 30-დღიანი ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე დათანხმების გამო.

„ახლა ჯერი რუსეთზეა - დაამტკიცოს, რომ მას მშვიდობა ნამდვილად სურს. სიკვდილი, განადგურებული ცხოვრება, ნგრევა საკმარისია“, - დაწერა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ცეცხლის შეწყვეტისკენ, მხეცობების შეჩერებისკენ და დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებისკენ მოუწოდა.

„ეს არის პირობები, რომელიც რუსეთმა უნდა შეასრულოს. მე დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამ საქმის ერთგულია. ახლა ჩვენ პარტნიორებთან ერთად წინ უნდა წავიწიოთ, რათა კონკრეტული სამშვიდობო გეგმა წარვადგინოთ“, - აღნიშნა საფრანგეთის ლიდერმა.