მაკა ბოჭორიშვილი: სლოვაკეთი ყოველთვის იყო საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი - ძალიან ხშირად ჩვენ გვესმის კრიტიკა ჩვენი სუვერენული გადაწყვეტილებების გამო და მიგვაჩნია, რომ ჩვენი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია

მაკა ბოჭორიშვილი

სლოვაკეთისა და საქართველოს მთავრობები დღეს კარგად აცნობიერებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტის დაცვა და რამდენად მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ერთმანეთთან თანამშრომლობა. ძალიან ხშირად ჩვენ გვესმის კრიტიკა ჩვენი სუვერენული გადაწყვეტილებების გამო და ამ თვალსაზრისით მიგვაჩნია, რომ ჩვენი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრ იურაი ბლანართან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ საგარეო მინისტრის რანგში ეს არის მისი სლოვაკეთის რესპუბლიკაში პირველი ვიზიტი და მან კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ეს ნამდვილად არ იყო ჩვენი პირველი შეხვედრა, ჩვენ არაერთხელ შევხვედრილვართ სხვადასხვა ფორმატში, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგი ინტენსიურია და მე დღეს აქ მაქვს შესაძლებლობა, მქონოდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრა. გვესაუბრა ძალიან ბევრ საკითხზე, რაც ეხება ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობასა და პარტნიორობას. დიდი მადლობა, ნამდვილად ვაფასებ თქვენს მეგობრობას და იმ გულწრფელ ატმოსფეროს, რომელშიც ჩაიარა დღევანდელმა შეხვედრამ.

ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ეფუძნება დიდი ხნის თანამშრომლობისა და პარტნიორობის ისტორიას. სლოვაკეთი ყოველთვის იყო საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი და სლოვაკეთი ამას აგრძელებს, ასეთად რჩება. ჩვენი ქვეყნის მთავრობები - სლოვაკეთისა და საქართველოს მთავრობები დღეს კარგად აცნობიერებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტის დაცვა და რამდენად მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ერთმანეთთან თანამშრომლობა. ძალიან ხშირად ჩვენ გვესმის კრიტიკა სწორედ ჩვენი სუვერენული გადაწყვეტილებების გამო და ამ თვალსაზრისით მიგვაჩნია, რომ ჩვენი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. სუვერენიტეტის დაცვა არის ის ერთადერთი საშუალება, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენს ქვეყნებში მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა“, - აღნიშნა მინისტრმა.