მაკა ბოჭორიშვილი: გაფართოების შეხვედრაზე ევროკავშირი არ იწვევს საქართველოს, უკვე კითხვის ნიშნები აღარ არსებობს, ვის აქვს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებული და ვინ დგას ამის უკან

მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს არაფერი შეუჩერებია, ბრიუსელის გადასაწყვეტია, როდის მიეცემა ქართველ ხალხს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ დიალოგის დაწყების შესაძლებლობა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ბოჭორიშვილს კითხვა დაუსვეს, რატომ არ არის მიწვეული საქართველო ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე.

მაკა ბოჭორიშვილის შეფასებით, უკვე კითხვის ნიშნები აღარ არსებობს, ვის აქვს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებული და ვინ დგას ამის უკან.

„რუკიდან ქვეყანას ვერავინ წაშლის, ამ რუკაზე საქართველო ძალიან ბევრი საუკუნეა, არის და გააგრძელებს ყოფნას. მცდელობაა, მსგავსი შეხვედრები პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იქნას გამოყენებული, ამას აგრძელებს ევროკავშირი. კიდევ ერთხელ ადასტურებს კომიკურ სიტუაციას, რაც არის შექმნილი ვითომც და საქართველოს მიერ შეწყვეტილ ევროინტეგრაციის პროცესზე, მაშინ, როდესაც გაფართოების შეხვედრაზე თავად ევროკავშირი არ იწვევს საქართველოს. უკვე კითხვის ნიშნები აღარ არსებობს, ვის აქვს პროცესი შეჩერებული და ვინ დგას ამ შეჩერებული პროცესის უკან. საქართველოს არაფერი შეუჩერებია, ეს არის ბრიუსელის გადასაწყვეტი და ბრიუსელის მხარესაა გადაწყვეტილება, როდის მიეცემა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ დიალოგის დაწყების შესაძლებლობა ქართველ ხალხს, რომელსაც, როგორც ამბობენ, მხარს უჭერენ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.