28 წლის გოგო, რომელმაც ტყუპები გააჩინა გარდაიცვალა
1731680284
რადიკალური ოპოზიცია დღეს ვიღაც უცხოელების გამოყენებით და მხარდაჭერით ცდილობს, დააზიანოს საქართველოს თითოეული მოქალაქის სიკეთე - ვიზალიბერალიზაცია, რომელიც მათ „ქართულმა ოცნებამ“ მოუტანა, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.
მან აღნიშნა, რომ კრიტიკული საერთაშორისო გამოხმაურება არ არის ისეთი მასშტაბის, როგორსაც რადიკალური ოპოზიცია, ზოგი ტელევიზია და ისეთი საერთაშორისო აქტორი აანონსებდა, რომელიც საკუთარ ქვეყანაში თანამდებობას და პოლიტიკურ ძალაუფლებას კარგავს.
„მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნებს ვგულისხმობ. აქ ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს და კარგად უნდა იაზრებდეს საქართველოს თითოეული მოქალაქე, არ აქვს მნიშვნელობა, ვისი ამომრჩეველია იგი, რომ რადიკალური ოპოზიცია დღეს ვიღაც უცხოელების გამოყენებით და მხარდაჭერით ცდილობს, რომ დააზიანოს საქართველოს თითოეული მოქალაქის სიკეთე, რომელიც მათ „ქართულმა ოცნებამ“ მოუტანა, ვიზალიბერალიზაციას ვგულისხმობ. ისინი პირდაპირ ითხოვენ, ისევე, როგორც ერთი წლის წინ ითხოვდნენ იმას, რომ კანდიდატის სტატუსი არ მოგვნიჭებოდა, რომ საქართველოს მოსახლეობას ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს.
ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ ასეთი მოთხოვნა პირველ რიგში აზარალებს მთლიანად სახელმწიფოს და თითოეულ მოქალაქეს. ბუნებრივია, ფორმალურ დონეზე ამას არანაირი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება ევროკავშირის მხრიდან, მაგრამ ჩაიწერება, როგორც სამარცხვინო ფურცელი ჩვენი რადიკალური ოპოზიციის მრავალფურცლიან წიგნში, რომელსაც შეიძლება „მოღალატეების წიგნი“ ეწოდოს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
მან აქვე აღნიშნა, რომ ვიზალიბერალიზაცია არ იყო საჩუქარი, რომელიც საქართველოს აჩუქა ვინმემ. მაია ბითაძის შეფასებით, ეს იყო დიდი შრომის და ბიუროკრატიული ვალდებულებების შესრულების შედეგი, რომლის ჩამორთმევა იგივე პრინციპების დაცვით უნდა მოხდეს, რომლითაც მინიჭება.
„ამ შემთხვევაში აბსოლუტურად გაუგებარია მათ შორის ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლის მოწოდება, რომელიც უფრო მეტად რადიკალია, ვიდრე ქართველი რადიკალური ოპოზიციის წარმომდგენელი, როცა მოუწოდებს ევროკავშირს, რომ ევროკავშირმა საკუთარი სამართლებრივი სისტემა მოშალოს, დაანგრიოს და იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობის ნება არის ისეთი, როგორიც მათ არ აწყობთ, შეჩერდეს ვიზალიბერალიზაცია?
ეს არის სამართლებრივი აბსურდი და ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურები ამ გადაწყვეტილებამდე არასოდეს არ მივლენ მიუხედავად იმისა, თუ რა ჩაიწერება იმ რეზოლუციებში პოლიტიკურმა ორგანომ - პარლამენტმა მიიღოს, რასაც ბუნებრივია, არასავალდებულო იურიდიული ძალა აქვს. დღემდე რჩება პოლიტიკური ვაჭრობის, პოლიტიკური ზეწოლის საგნად და ახლა უკვე საქართველოს მოსახლეობის დასჯის ბერკეტად, რამაც თავისი რესურსი უკვე ამოწურა. ამას ჰქონდა უკუეფექტი, მათ შორის სანქციების მუქარას და წინასწარ დაშინებას და წნეხს, და უკურეაქცია საქართველოს მოსახლეობის მხრიდან“, - განაცხადა მაია ბითაძემ.