მაია ბითაძე დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებზე: ეს არის მიზანმიმართული ქმედება იმისთვის, რომ შეირყეს ამ ქვეყანაში სუვერენიტეტის საფუძვლები

გარემო

მიზანმიმართული ქმედება ქვეყანაში სუვერენიტეტის საფუძვლების შერყევისთვის და მცდელობა აგრძნობინონ საქართველოს, რომ ის არ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, - ასე აფასებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაია ბითაძე დიდი ბრიტანეთის მიერ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლების დასანქცირების საკითხს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ დიდმა ბრიტანეთმა, ასეთი დიდი ისტორიის მქონე სახელმწიფომ დღეს ძალიან კარგად შეითავსა აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციის ძალიან არასწორი დამოკიდებულება საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მიმართ და პრაქტიკულად ერთ წინადადებიანი განმარტებით აწესებს სანქციებს საქართველოს ძალოვანი სტრუქტურის იმ წარმომადგენლების მიმართ, რომელთა მუშაობაზეც პრაქტიკულად დგას ქვეყნის უსაფრთხოება. ეს არის მიზანმიმართული ქმედება იმისთვის, რომ შეირყეს ამ ქვეყანაში სუვერენიტეტის საფუძვლები ერთი მხრივ და მეორე მხრივ, ნათლად იკვეთება მცდელობა, რომ საქართველოს აგრძნობინონ, რომ ის არ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, არამედ არის ამ შემთხვევაში ბრიტანეთის კოლონია, რაც, ბუნებრივია, აკნინებს თვითონ ბრიტანეთის რეპუტაციას“, - განაცხადა ბითაძემ.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ სანქციები დაუწესა გენერალურ პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს შალვა ბედოიძეს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს მირზა კეზევაძეს და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კარლო კაციტაძეს. ინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. სანქცირების საფუძვლად მითითებულია, რომ ეს პირები პასუხისმგებლები არიან ან იყვნენ ადამიანის უფლებების დარღვევაზე.