ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1759760274
არ მივიღებ შენიშვნას, რომ ირაკლი ნადირაძე და მურთაზ ზოდელავა მე მივატოვე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.
სანიკიძეს კითხვა დაუსვეს, რატომ არ იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ირაკლი ნადირაძესთან და მურთაზ ზოდელავასთან ერთად და ხომ არ გაემიჯნენ პროცესებს.
„დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების კამერებს გადასარევად აქვს ნანახი, ხუთი საათის განმავლობაში სად ვიყავი და სად ვმოძრაობდი. ბოლოს თქვენი კამერებით ვნახე, რომ ირაკლი ნადირაძე და მურთაზ ზოდელავა იყვნენ რუსთაველის გამზირზე. როგორც პაატა მანჯგალაძე მეგონა, რომ სახლში იყო წასული, იგივე შეგრძნება მქონდა, რომ ის ადამიანები აღარ იყვნენ რუსთაველის გამზირზე. ჩატებში რა ხდებოდა, ყველამ კარგად იცის და საკუთარ თავზე არ მივიღებ შენიშვნას, რომ ირაკლი ნადირაძე და მურთაზ ზოდელავა მივატოვე. რომ მცოდნოდა, იქ იყვნენ დარჩენილი, მივიდოდი“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.
ჟურნალისტმა ლევან სანიკიძეს აჩვენა ვიდეოკადრი და სანიკიძეს მიმართა: „კადრში მურთაზ ზოდელავა, ასევე ირაკლი ნადირაძე სპეცრაზმელების პირისპირ იყვნენ, მიდიოდნენ დასალაპარაკებლად და შემდეგ დაიძაბა ვითარება. მათთან ერთად მხოლოდ სამი ადამიანია, არცერთი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი“, რაზეც სანიკიძემ აღნიშნა:
„არ ვიცოდი ამ გეგმის შესახებ, მაგალითად, ამ კადრიდან 5 წუთში ვიყავი ორბელიანის მოედანზე და ირაკლი ნადირაძე უკვე წიწაკის სპრეით იყო მოთხვრილი. მგონი, ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ვნახე და ფიზიოლოგიური ხსნარი ვასხი სახეში“.