რას ამბობენ კლინიკაში, სადაც გურამ დადიანიძის მამიდა, ნინო დადიანიძე მუშაობდა
1789417821
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბრიუსელის მხრიდან აშშ-ის მმართველ პოლიტიკურ ძალასთან (MAGA) ურთიერთობის აკრძალვის მოწოდება საქართველოსთვის საზიანოა.
მისი თქმით, საქართველოს საგარეო პოლიტიკა მხოლოდ თბილისში, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით გადაწყდება და ქვეყანა არ აპირებს სხვის იდეოლოგიურ დაპირისპირებაში ჩართვას.
„ბოლო სოციოლოგიური კვლევებით, რიგი ევროპელი ლიდერების საზოგადოებრივი მხარდაჭერა ისტორიულ მინიმუმზეა. დიდი ევროპული სახელმწიფოების ლიდერებისადმი მოსახლეობის ნდობის სისტემური დეფიციტია. ამ ქვეყნებში ამომრჩეველი ითხოვს ხელმისაწვდომ ცხოვრებას, საზღვრის კონტროლს, საზოგადოებრივ წესრიგს, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ღირსეულ სამუშაო ადგილებს, მშვიდობას. ამის ნაცვლად, ხშირად იღებს გაუთავებელ გეოპოლიტიკურ მობილიზაციას, ომის დღის წესრიგს, ბიუჯეტის სამხედრო პრიორიტეტებზე გადაწყობას და იმ განცდას, რომ გადაწყვეტილებები მიიღება არა მათ დედაქალაქებში, არამედ არაფორმალურ კაბინეტებში. როცა ხილული ხელისუფლება უხილავ ცენტრებს ემორჩილება, როცა ქვეყანა მუდმივი კონფლიქტის ინსტრუმენტად იქცევა, როცა დიპლომატია ლოზუნგებით იცვლება და როცა კრიტიკა „არასწორ მხარეს დგომად“ ცხადდება, ასეთ დროს იშლება ლეგიტიმაცია, ამომრჩეველში კი იზრდება გაუცხოება.
ევროპული ოჯახი ჩვენთვის ცივილიზაციური არჩევანია, მაგრამ ევროპულობა არ ნიშნავს ბრმა მიბაძვას იმ შეცდომისა, რომელსაც დღეს ფრანგი, გერმანელი თუ ბრიტანელი ამომრჩეველი რეიტინგებით აფასებს. ამ რეიტინგებში ჩანს ამ ქვეყნების პოლიტიკური ელიტის მცდარი პოლიტიკის ანარეკლი. ეს რეიტინგები არის ხალხის მკაფიო ხმა, რომ მშვიდობა, სუვერენიტეტი და ადამიანის კეთილდღეობა ერთმანეთის ალტერნატივა არ არის და ვინც ერთს სწირავს მეორეს, ჯერ კარგავს ხალხის ნდობას, შემდეგ კი პოლიტიკურ მომავალს.
გამოვეხმაურები ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებასაც, რომ ევროკავშირის წევრობის მსურველ სახელმწიფოებს ურთიერთობა არ უნდა ჰქონდეთ ამერიკის ე.წ. MAGA-სთან. ამით ევროკავშირის გაფართოების კომისარი ამერიკის შეერთებული შტატების მმართველ პოლიტიკურ ძალას იმავე კატეგორიაში აყენებს, რომელშიც რუსეთს - ასახელებს როგორც „მოწინააღმდეგეს“ და “მტერს” გაფართოების პროცესში. ეს განცხადება მიუღებელი და საქართველოსთვის პირდაპირ საზიანოა. სწორედ ასეთმა გაუგებარმა გადაწყვეტილებებმა მიიყვანა ბრიუსელი იქამდე, სადაც ის დღეს იმყოფება. ბრიუსელის მხრიდან ამ ორის გაიგივება არის სტრატეგიული პოლიტიკური შეცდომა: როცა პარტნიორობას აღარ ზომავ ინტერესით, არამედ იდეოლოგიური სიწმინდით, ადრე თუ გვიან, საკუთარ მოკავშირესაც მტრად გამოაცხადებ. დღეს ეს უკვე მოხდა. ტრანსატლანტიკური სივრცეში უკვე მიმდინარეობს შიდა, ჩუმი გეოპოლიტიკური დაპირისპირება: ვაჭრობაში, ტექნოლოგიებში, გავლენის სფეროებში, კანდიდატ ქვეყნებშიც კი.საქართველოს არ აქვს ფუფუნება, ჩაებას ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის იდეოლოგიურ ომში. ვინც გვეუბნება, რომ ევროკავშირის გზა MAGA-სთან ურთიერთობის გაწყვეტაზე გადის, ის გვთხოვს, რომ საკუთარი უსაფრთხოება ვაქციოთ სხვისი შიდა იდეოლოგიური დაპირისპირების საგნად. არასწორია ეს მოწოდება იმიტომაც, რომ ის ბრიუსელის სისუსტეს ამჟღავნებს და არა სიძლიერეს. თუ ევროპული პროექტი იმდენად მყიფეა, რომ მას ამერიკელი ამომრჩევლის არჩევანი ანგრევს, პრობლემა არა MAGA-ში, არამედ ბრიუსელშია და იმ მცდარ პოლიტიკაში, რომელმაც ევროპა ინტერესებიდან იდეოლოგიაზე გადაიყვანა. საქართველოს პოზიცია მკაფიოა: საქართველო არაფერს დაუთმობს იმ რადიკალურ ძალებს, რომელთათვისაც დესტაბილიზაცია პროგრამაა, მშვიდობა - პრობლემა, აფხაზეთი და ცხინვალის ისტორიული რეგიონები კი - მოსაშორებელი “ტრავმული მეხსიერება”. საქართველოს საგარეო პოლიტიკა გადაწყდება თბილისში და არა რომელიმე კომისრის კაბინეტში და იგი გადაწყდება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოსა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით“, - განაცხადა მახაშვილმა.