1770743848
ლევან მახაშვილი: ჰელსინკის კომისია არის პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელსაც ორმხრივი ურთიერთობების დაზიანებისთვის იყენებენ, ეს კომისია ჩვენთვის არასდროს წარმოადგენდა ამერიკის პოზიციას
ჰელსინკის კომისიას ჩვენი საზოგადოება კარგად იცნობს, ჩვენ მათი წარსულში გაკეთებული განცხადებები ნანახი გვაქვს და დღესაც ზუსტად იგივე მოლოდინი გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მოლოდინი აქვს, რომ ჰელსინკის კომისიის დღევანდელ შეკრებაზე საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი დეზინფორმაცია გავრცელდება.
როგორც მახაშვილმა აღნიშნა, რეალურად, ამ კომისიის მიზანი ორმხრივი ურთიერთობების წახალისება, ხელშეწყობა და გაძლიერება არც არასდროს ყოფილა.
„ალბათ, ჩვენ მოვისმენთ იმ დეზინფორმაციასა და ტყუილებს, რომელიც ქართული საზოგადოებისთვის ცნობილია, მაგრამ აქ მთავარი საგულისხმო არის ის, რომ ეს ღონისძიება დაამთხვიეს სწორედ იმ მომენტს, როდესაც ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვის პროცესის პოზიტიური დინამიკა გაჩნდა. რეალურად, ამ კომისიის, ამ ინსტრუმენტის მიზანი ორმხრივი ურთიერთობების წახალისება, ხელშეწყობა და გაძლიერება არც არასდროს ყოფილა, ყოველთვის პირიქით იყო ხოლმე, რომ ურთიერთობები გაეფუჭებინათ. კიდევ ერთხელ, როდესაც კარგი დინამიკა გამოიკვეთა და კარგი სიგნალები გაჩნდა, სწორედ ამ მომენტს დაამთხვიეს, რომ ამ პროცესს მაქსიმალურად ხელი შეუშალონ. ჩვენი საზოგადოებისთვის ყველაფერი ძალიან ნათელია. სამწუხაროდ, ჰელსინკის კომისია ეს არის პოლიტიკური ინსტრუმენტი, რასაც ორმხრივი ურთიერთობების დაზიანებისთვის იყენებენ და არა მისი ხელშეწყობისთვის. ის განცხადებები, რაც ამ კომისიის ფარგლებში გაკეთებულა სწორედ ამისი დადასტურებაა და ქართველი საზოგადოება იმავეს უნდა ელოდოს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
მისივე თქმით, ჰელსინკის კომისია საქართველოს ხელისუფლებისთვის არასდროს წარმოადგენდა ამერიკის პოზიციას.
„ჩვენ წარსულში ვნახეთ, რომ ყველა შემთხვევაში, როდესაც საქართველოზე უსამართლო ბრალდებები იყო, ადრე თუ გვიან ეს ადამიანები, ფორმატები და ორგანიზაციები მხილებული იყვნენ ხოლმე სხვადასხვა უკანონო პროცესებში, ამიტომ გასაკვირი არ არის. ბუნებრივიცაა, როდესაც შენ ნამდვილად ინტერესების ნაცვლად კონკრეტული ფინანსური თუ სხვა ტიპის ინტერესები გაქვს, არა მოქალაქეების ინტერესები, არამედ კონკრეტული ფინანსური ინტერესები. ჰელსინკის კომისია ჩვენთვის არასდროს წარმოადგენდა ამერიკის პოზიციას“, – განაცხადა მახაშვილმა.










