გოგა მანია მიმართვას ავრცელებს
1754063603
ვხედავთ, რომ ბევრი სახელმწიფო არის ევროკავშირში, რომელიც ცდილობს ამ პოლიტიკურ პროცესებში არ ჩახარშოს ორმხრივი ურთიერთობები და ის შესაძლებლობები, რაც არის გაჩენილი მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების გამო, მაქსიმალურად იყოს გამოყენებული ორმხრივი ურთიერთობებისთვის, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.
მისი თქმით, იმ ქვეყნებთან, რომლებიც მზად არიან საქმეზე ორიენტირებულად მუშაობისთვის, თითოეულ დეტალზე დიდი სიამოვნებით იმუშავებენ.
„მეც, ჩემი კოლეგებიც, თუნდაც პორტუგალიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე ყოფნის დროს, ვხედავთ, რომ ბევრი სახელმწიფო არის ევროკავშირში, რომელიც ცდილობს ამ პოლიტიკურ პროცესებში არ ჩახარშოს ორმხრივი ურთიერთობები და ის შესაძლებლობები, რაც არის გაჩენილი მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების გამო, მაქსიმალურად იყოს გამოყენებული ორმხრივი ურთიერთობებისთვის. ეს გაგრძელდება კიდეც. ევროკავშირი საკმაოდ ჭრელია, ყველას თავისი ინტერესი აქვს, ყველას თავისი შეხედულებები აქვს და ბუნებრივია, ჩვენ იმ ქვეყნებთან, რომლებიც მზად არიან საქმეზე ორიენტირებულად ვიმუშაოთ, ჩვენ მათთან დიდი სიამოვნებით ვიმუშავებთ თითოეულ დეტალზე.
რაც შეეხება ბატონ შალვას განცხადებას, აქაც ახალი არაფერია. ჩვენ ვნახეთ უკვე ეს კინო გასულ წელსაც, 2020 წელსაც. ერთადერთი სხვაობა რაც არის, არის ის, რომ ჩვენ აღარ ვაპირებთ წყალი ჩავიგუბოთ პირში“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
მისივე განცხადებით, პირიქით, ცდილობენ, რომ გამოიყენონ ერთადერთი დიპლომატიური ბერკეტი, რათა ამხილონ ყველა ის ადამიანი, ყველა ის ორგანიზაცია, თუნდაც დიპლომატი, რომლებიც პირდაპირ, უხეშად, საკუთარი მანდატის მიღმა არიან და საკუთარი მანდატის დარღვევით ერევიან შიდა საქმეებში მაშინ, როდესაც ეს მათი საქმე საერთოდ არ არის.