ლევან მახაშვილი: აშშ-ში საქართველოს დელეგაციის ვიზიტს ვუყურებთ როგორც წინ გადადგმულ კიდევ ერთ კარგ ნაბიჯს, მაგრამ შემხვედრ ნაბიჯებს დაველოდებით

ლევან მახაშვილი

კონფერენცია, რამელზეც ამერიკის შეერთებულ შტატებში მიწვეული არიან ჩემი კოლეგები, ხვალ იწყება. კონფერენციის მიღმა იქნება შეხვედრები კონგრესშიც და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ვიზიტის მიზანია, საქართველოს მოლოდინებთან და გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაცია იყოს გაცვლილი, რომელთა შესახებაც შეიძლება, საზოგადოებისთვის ცნობილი არ იყოს.

„ჩვენი ამოცანაა, შემდგომი ნაბიჯები დავგეგმოთ, რამდენადაც ეს იქნება შესაძლებელი. ამ მიმართულებით ამ ვიზიტს ვუყურებთ, როგორც კიდევ ერთ წინ გადადგმულ კარგ ნაბიჯს. იმედი გვაქვს, ამ ვიზიტითაც და სხვა მიმდინარე შეხვედრებითაც, ურთიერთობების აღდგენას შევძლებთ. ლოდინის დიდი უნარი გვაქვს. პროცესს ერთი წელი, თუ რამდენი ხანიც დასწირდება, მზად ვართ, არა ემოციურად, არამედ ნაბიჯ-ნაბიჯ, მშვიდად დაველოდოთ იმ შესაძლებლობას, როდესაც სამართლიან ნიადაგზე იქნება ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობა“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს აშშ-თან ურთიერთობის აღდგენა სურს ურთიერთპატივისცემისა და სამართლიანობის ნიადაგზე.

„ურთიერთობების აღდგენა ყველაფრის ფასად არ გვინდა, თორემ აქამდე იქნებოდა. ჩვენ ურთიერთობის აღდგენა გვინდა ურთიერთპატივისცემის და სამართლიანობის ნიადაგზე და ამ ნაწილში ის დინამიკა, რაც ბოლო პერიოდში ვითარდება, იმედს გვიჩენს, რომ უახლოეს მომავალში შევძლებთ ამის გაკეთებას. ლოდინის დიდი უნარი და შესაძლებლობა გვაქვს. ქვეყანას არსად ეჩქარება, მით უმეტეს, ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში. მშვიდად დაველოდებით. ჩვენს ნაბიჯებს გადავდგამთ, რა თქმა უნდა, რაც ხელისუფლების ხელთ არის და პაუხისმგებლობაა, მაგრამ შემხვედრ ნაბიჯებს დაველოდებით“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ლაშხი და ლიკა შარტავა.