ლევან მაჭავარიანი: როგორიც უნდა იყოს წნეხი, ზეწოლა და შანტაჟი, გამორიცხულია, რომ ერთი ნაბიჯი უკან გადაგვადგმევინონ - ყოველთვის დავიცავთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს

ლევან მაჭავარიანი

„ვპირდებით ჩვენს მოქალაქეებს, როგორიც უნდა იყოს წნეხი, ზეწოლა და შანტაჟი, გამორიცხულია, რომ ერთი ნაბიჯი უკან გადაგვადგმევინონ  - ყოველთვის დავიცავთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს. ჩვენი გადადგმული ნაბიჯები და გაკეთებული საქმეები ამაზე მეტყველებს“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

ლევან მაჭავარიანი თავისი განცხადებით საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა.

„რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვიხილეთ „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთხელ გაერთიანება, რომელიც, რა თქმა უნდა, მათი გარე პატრონების დავალებით მოხდა. ამ შემთხვევაში, ყველა ეპოქის, ყველა თაობის, ყველა მიმართულების „ნაცი“ გაერთიანდა და ჩამოყალიბდა „ყველა დროის ნაციონალური მოძრაობა“. დასაფიქრებელია, გარე უფროსებმა რატომ არ გააერთიანეს ამ ჯგუფში პარტიები „ლელო“ და „გახარია -  საქართველოსთვის“. გარე ძალები ცდილობენ, ეს ორი პარტია გამიჯნონ „ნაციონალური მოძრაობისგან“ და  ჩვენი მოქალაქეები  შეცდომაში შეიყვანონ - ვითომ ისინი ცალკე ძალას წარმოადგენენ. არადა, ყველა ერთი და იმავე ვერტიკალით იმართება.

„გახარია - საქართველოსთვის“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ 2021 წლიდან პარტნიორობს. მათ ოთხ მუნიციპალიტეტში კოალიცია ჰქონდათ შექმნილი და  ამ მუნიციპალიტეტებს  პრობლემები შეუქმნეს. იმასაც შევახსენებ ყველას, რომ „ლელო“, „გახარია“ და „ნაცები“ 2024 წელს „ქარტიის“ გარშემო გაერთიანდნენ და როდესაც გახარიას პარტია 2024 წლიდან ამბობს, რომ „ნაცებთან“ თანამშრომლობა წითელი ხაზია, იმასაც შევახსენებთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ „ლელოსაც“ და „გახარიასაც“ დაანონსებული ჰქონდათ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიციას არ შექმნიდნენ „ქართულ ოცნებასთან“. შესაბამისად, ჩვენ რომ აგვეღო 49%, რა თქმა უნდა, ისინი კოალიციას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ქმნიდნენ.  მათი მესიჯ ბოქსიც იმაზე მეტყველებს, რომ ეს ერთიანი ძალაა. ისინი პიროტექნიკით პოლიციელების წინააღმდეგ ბრძოლას მშვიდობიან აქციას, მზია ამაღლობელს -  პოლიტპატიმარს და ქართულ „გამჭვირვალობის კანონს“  „რუსულ კანონს“ ეძახიან. ასევე, ებრძვიან ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას საქართველოში. ებრძვიან ძალიან მსხვილ - 6 მილიარდი დოლარის ინვესტიციის საქართველოში შემოსვლას. ებრძვიან განათლების რეფორმას. არ უნდა დაგვავიწყდეს 2024 წლის ნოემბერში ის სამარცხვინო წერილი, რომელიც ბრიუსელში ოთხმა პარტიამ, კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - უშუალოდ „ნაცებმა“, „ახალმა“, „ლელომ“ და „გახარიამ“ გააგზავნა, სადაც ისინი ბრიუსელისგან საქართველოს დასანქცირებას ითხოვდნენ. ეს  ფაქტია და ამას  ვერ გაექცევიან.

მნიშვნელობა არ აქვს, როგორ გადააჯგუფებენ გარე უფროსები მათ. ჩვენი მოქალაქეები ყველაფერს ძალიან კარგად ხვდებიან. ეს ყველაფერი აისახა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.