ლევან მაჭავარიანი: მინდა ვთხოვო ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ყველაფერი არ ახსოვთ, რომ დრო დაუთმონ, უყურონ და რეალურად წარმოიდგინონ ფაქტებზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობით, თუ რას ნიშნავს ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმი

ლევან მაჭავარიანი

ჩვენი მოქალაქეები პირდაპირ ეთერში ადევნებენ თვალყურს კომისიის მუშაობას და კიდევ ერთხელ მინდა ძალიან დიდი თხოვნით მივმართო ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ყველაფერი არ ახსოვთ, რომ დრო დაუთმონ, პირდაპირ ეთერში უყურონ და რეალურად წარმოიდგინონ ფაქტებზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობით, თუ რას ნიშნავს ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას.

„ახალგაზრდების ყური დღეს ძალიან მიაჩვიეს ოპოზიციურმა ტელეარხებმა, რომ თითქოს რაღაც რეჟიმის პირობებში უწევთ ცხოვრება. ვთხოვ, რომ გაავლონ პარალელი, თუ რეალურად რას ნიშნავს დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება. ძალიან მძიმე მოსასმენია ეს ყველაფერი. იყო საკითხები, რომლებიც ბიზნესის რეკეტს ეხებოდა, რომელიც ომს ეხებოდა. თუმცა ეს არ არის მთავარი მოტივატორი უმრავლესობის ლიდერის დღევანდელი ბრიფინგის. ჩვენ დავპირდით ჩვენს საზოგადოებას არჩევებამდე, რომ თუ ავიღებდით საკონსტიტუციო უმრავლესობას, ეს საკითხი დღის წესრიგში დადგებოდა. ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ ავიღეთ, მაგრამ მაინც ვაპირებთ ამ დანაპირების შესრულებას, ვინაიდან ეს რეჟიმი არის კრიმინალური. მათ ჩამოაყალიბეს სისტემური წამება და გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი მიმდინარეობდა სისტემურად, ოჯახის საძინებლებში მიმდინარეობდა თვალთვალი და კასრების თემა ყველას გახსოვთ, ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვა, ტელევიზიის მიტაცება და ა.შ.

ომის საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც ძალიან ბევრი რაღაც გამომჟღავნდება ამ საგამოძიებო კომისიის მუშაობის ფარგლებში, თუ რატომ აღმოვჩნდით რუსეთთან პირისპირ ომში, რატომ აღუდგინა ბატონმა სააკაშვილმა ე.წ. სამხრეთ ოსეთს საზღვრები და შეიყვანა იმ საზღვრებში ახალგორი, რომელიც მუდმივად მცხეთა-მთიანეთს მიეკუთვნებოდა და სწორედ იმ საზღვრების პირობებში მიმდინარეობს ჩვენთვის მტკივნეული პროცესი, რასაც ბორდერიზაცია ჰქვია, რატომ გადასცეს კოდორის ხეობა ოკუპანტს, ის რეზოლუცია, რომელსაც ხელი მოაწერეს და ა.შ.“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.