ლევან მაჭავარიანი ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს: თქვენი პარტიის სამარკო ნიშანი არის ტყუილი

ლევან მაჭავარიანი

თქვენ, როდესაც პარლამენტში შემობრძანდით, მე და ირაკლი კირცხალიამ კონკრეტული პრეტენზიები წაგიყენეთ, რასაც, რა თქმა უნდა, ფაქტები და დასაბუთება ახლდა. ბატონი გიორგი შარაშიძე მაშინ საზოგადოებას დაპირდა, რომ ერთი კვირის ვადაში ყველაფერს პასუხს გასცემდა. მაშინ პარლამენტში თქვენი დებიუტი იყო და ამაზე პასუხი არ გაგვიცია, მაგრამ ორ თვეზე მეტი გავიდა და არაფერზე პასუხი არ გაქვთ გაცემული, - მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს.

ლევან მაჭავარიანის თქმით, ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს დასმულ კითხვებზე პასუხი დღემდე არ გაუციათ და მხოლოდ გიორგი გახარიასთან დაკავშირებულ საკითხებზე აკეთებენ რეპლიკებს.

„ნოემბრის აქციებს მშვიდობიანს რომ უწოდებთ როგორ არ გრცხვენიათ? ამას ხომ ისმენენ პოლიციელები და მათი ოჯახის წევრები. საათობით აგინებდნენ, პიროტექნიკას, „მოლოტოვის კოქტეილებს“ რომ ესროდნენ და სამართალდამცველები ხმას არ სცემდნენ, გაუნძრევლად, ვაჟკაცურად იდგნენ, საათების შემდეგ რომ აფრთხილებდნენ, რომ დაშლილიყვნენ და მხოლოდ ამის შემდეგ გადადიოდნენ მოქმედებებზე - ამას თქვენ მშვიდობიან აქციებს უწოდებთ? თქვენივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციაზე წითელი ხაზები გქონდათ გავლებული. ჯერ საზოგადოებას განუმარტეთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე გონება რამ გაგიბრწყინათ, რომ „ნაცებთან“ კოალიცია არ შეიძლებოდა. მაგრამ აქაც ატყუებთ საზოგადოებას და რატომ ატყუებთ იცით? თქვენ ამბობდით, რომ არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციას არ გავაკეთებთო, შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“, რომ 49% აეღო კოალიციას ვისთან აკეთებდით? „ნაცებთან“ და „ახლებთან“ ხომ? თქვენ თუ გგონიათ, რომ აქ ოპოზიციაში ხართ და ტყუილების თქმის უფლებას მოგცემთ, ასე არ იქნება!“ - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.