ლევან მაჭავარიანი: ძალიან კარგია, რომ მოსახლეობა ფხიზლად არის და ხვდება, რომ ხაზარაძისთვის და გახარიასთვის მიცემული ხმა იგივეა, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცენ ხმა

ლევან მაჭავარიანი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი „გორბის“ კვლევის შედეგებს აფასებს. კერძოდ, დეპუტატი საუბრობს კვლევის იმ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ 5%-იან ბარიერს ვერ ლახავენ.

„რადიკალური ოპოზიცია არის 4 პარტია, რომელიც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს. ბატონი ხაზარაძის რეიტინგი მერყეობს. ხან 5%-ს ჩამოსცდებოდა, ხან ასცდებოდა და ძალიან კარგია, რომ მოსახლეობა ფხიზლად არის და ხვდება, რომ მისთვის მიცემული ხმა იგივეა, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცენ ხმა. იგივეა ბატონი გახარიას შემთხვევაში, რომელსაც ისედაც ნულოვანი შანსი ჰქონდა ამ ბარიერის გადაკვეთის“, - აცხადებს მაჭავარიანი.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის, „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართული ოცნება“ ხმათა 60,2%-ს მიიღებდა.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „გორბიმ“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ქვეყნის მასშტაბით პირისპირი ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით ჩაატარა. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 12 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრის პერიოდში. გამოიკითხა 1704 ადამიანი. ცდომილების ზღვარი +/- 3 პროცენტია. პოლიტიკური პარტიების პოზიციას უკვე ხვალ გაგაცნობთ.