დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) თავად რუსეთის მიერ ინსცენირებულად მიიჩნევს უპილოტო საფრენი აპარატებით კრემლზე შეტევას, რომლის გამოც მოსკოვმა უკრაინა დაადანაშაულა. ამერიკელი ანალიტიკოსები ამ შეფასებას რამდენიმე არგუმენტით ამყარებენ.
რუსეთის ხელისუფლებამ ბოლო ხანს გააძლიერა ქვეყნის საჰაერო თავდაცვა, მათ შორის მოსკოვში, ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ორ დრონს გადაელახა სისტემის რამდენიმე შრე და პირდაპირ კრემლის შუაგულში აფეთქებულიყო ან ჩამოეგდოთ. თან ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს ვიდეოკამერით კადრების კარგად გადაღება.
შეტევა რომ ინსცენირებული არ ყოფილიყო, ეს რუსეთის ხელისუფლებისთვის იქნებოდა იმდენად მოულოდნელი, რომ დიდი ალბათობით, პირველი ოფიციალური პასუხები სრულიად არაორგანიზებული იქნებოდა, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, ბალაკლეასა და ხერსონში სამხედრო მარცხის დროს.
ინციდენტზე კრემლის თანმიმდევრული და კოორდინირებული რეაქცია იმაზე მეტყველებს, რომ თავდასხმა ქვეყნის შიგნით მომზადდა იმგვარად, რომ უხერხულობა პოლიტიკურ შედეგებს გადაეწონა.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, კრემლზე შეტევის ინსცენირებით რუსეთის ხელისუფლება ცდილობს გააძლიეროს საინფორმაციო კამპანია, რომ უკრაინაში ომი ეგზისტენციალური საფრთხეა და საჭიროა საზოგადოების მეტად მობილიზება. ამერიკელი ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ კრემლზე თავდასხმის ინსცენირებას რუსეთი გამოიყენებს გამარჯვების დღის, 9 მაისის, საზეიმოდ აღნიშვნის გაუქმების ან მაქსიმალურად შეზღუდვის მიზნით.
3 მაისს რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ღამით "კიევის რეჟიმს" ჰქონდა უპილოტო საფრენი აპარატებით კრემლზე დარტყმის მცდელობა, რომ სამხედროებმა და სპეცსამსახურებმა ორი უპილოტო საფრენი აპარატი მწყობრიდან "დროულად" გამოიყვანეს და კრემლის ტერიტორიაზე დრონების ჩამოვარდნის და ნამსხვრევების გაფანტვის შედეგად არავინ დაშავებულა.
კრემლის განცხადებით, ეს იყო დაგეგმილი "ტერორისტული აქცია და პრეზიდენტზე თავდასხმა". რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე ტერორისტული აქტის მუხლით აღძრა