"კიდევ ერთხელ ცდილობენ, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ვერ მიიღოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობა, თუმცა ფაქტები ჩვენ მხარესაა" - თეა წულუკიანი ოპოზიციაზე

მინისტრი

"ახლა მორიგჯერ ცდილობენ, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ვერ მიიღოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობა, თუმცა ჩვენ მხარეს არის ფაქტები", - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა ოპოზიციის შესახებ გააკეთა.

თეა წულუკიანი ამბობს, რომ ოპოზიცია ცდილობს, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ვერ მიიღოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობა, თუმცა, წულუკიანის განცხადებით, ფაქტები მმართველი გუნდის მხარესაა და ეს ფაქტები მოწმობს ერთს - საქართველოში შედგა არჩევნები.

"მათ შეეძლებათ, სურვილი თუ ექნებათ, შეხვდნენ სხვადასხვა დეპუტატს, კოლეგას, ვისთანაც მოკავშირეობა აკავშირებთ და თავიანთი პოზიციები იქ გააცნონ. ჩვენ ყოველთვის მოველით და ნორმალურ ვითარებაში ასეა ხოლმე, რომ ქვეყნის ამომრჩევლის მიერ არჩეული ოპოზიციონერი დეპუტატი ჯერ თავის ეროვნულ პარლამენტს და იმ მანდატს უნდა სცემდეს პატივს, რომელიც ხალხისგან მიიღო და შემდეგ დადიოდეს სხვა ქვეყნის პარლამენტებსა და ასამბლეებში საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოსაზრებების გასავრცელებლად. ეს მათი ჩვეული სტილია და ჩვენ გვახსოვს ჯერ კიდევ ვიზალიბერალიზაციის მოპოვების დროს როგორ დადიოდნენ ბრიუსელში და ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ ევროპელი მაღალჩინოსნები, რომ საქართველო და ქართველი ხალხი უვიზო მიმოსვლის რეჟიმს არ იმსახურებდა, ისინი ასევე ანტისახელმწიფოებრივად ცდილობდნენ, ასოცირების შეთანხმება არ ყოფილიყო გაფორმებული საქართველოს მხრიდან და ახლა მორიგჯერ ცდილობენ, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ვერ მიიღოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობა, თუმცა ჩვენ მხარეს არის ფაქტები", - აცხადებს თეა წულუკიანი.

ცნობისთვის, საქართველოს დელეგაცია სტრასბურგში, ზამთრის სესიაზე დასასწრებად მიემგზავრება. ხელისუფლების ოპონენტები საპარლამენტო ასამბლეისგან ითხოვენ, არ ცნონ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება. საქართველოს დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ბარიერგადალახული ოთხი სუბიექტი ითხოვს.