"კი, ვკანკალებთ და ამიტომ არასდროს გამიკეთებია რუსეთთან დაკავშირებით განცხადება" - სარჯველაძის ირონიული პასუხი ოპოზიციას

mikheil sarjve;adze

“ვკანკალებთ, კი და ამიტომ არასდროს გამიკეთებია რუსეთთან დაკავშირებით განცხადება, რისი გაგონება გინდათ ჩემგან?! ვის ეშინია?! კომიკურია, როდესაც თითქოს ისე გამოჰყავთ ვითარება, რომ რუსეთთან მიმართებით ჩვენი პარტიის რომელიმე წარმომადგენელს რამეზე უკან დაეხიოს, როდესაც განცხადება აქვს გასაკეთებელი. ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა მიხეილ სარჯველაძემ უკრაინის მხარდასაჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებს განუცხადა.

„არავითარი ზედმეტი სიფრთხილე, ეს არის სწორი დიპლომატია, სწორი პოლიტიკა, ეს არის სწორი პოზიციონირება ყველაფრიდან გამომდინარე, როდესაც ხარ ზედმიწევნით ზუსტი, იმ ვითარების რელევანტური, რომელიც არსებობს. ასეთ ფონზე თვალებში ნაცრის შეყრაა, როდესაც ადამიანებს ეუბნებიან, რომ უკრაინის აგრესიის საწინააღმდეგოდაა განცხადება გაკეთებულიო. ვინმეს თუ შეიძლება ამის სჯეროდეს, კი ბატონო, დაიჯეროს. თუ ვინმეს ამ დოკუმენტის გამოყენება რაღაც ვიწრო მერკანტილური მიზნების განსახორციელებლად უნდა, აკეთონ თავიანთი საქმე. აქ მნიშვნელოვანია, რომ ხელი შევუწყოთ უკრაინისთვის მთავარი საფრთხის აცილებას და ამისთვის დოკუმენტი არის რელევანტური.

ოპოზიციის მხრიდან თავიდან ბოლომდე სპეკულაციაა.ოპოზიცია აცხადებდა, ხელისუფლებას რეზოლუციის მიღება არ უნდაო, ამას ტირაჟირებდნენ. შემდეგ რომ შეხვდნენ, აღმოჩნდა, რომ ეს იყო მტკნარი სიცრუე. არავის ამისთვის ბოდიში არ მოუხდია ოპოზიციის მხრიდან. შერცხვნენ, იმიტომ რომ საზოგადოება მოატყუეს, მაგრამ ბოდიში არ მოუხდია”,- განაცხადა სარჯველაძემ.