ხორბლის პურის ფასი წლიურად 30%-ით გაიზარდა - მთავრობა ხორბლის თვითუზრუნველყოფის 50%-მდე გაზრდას გეგმავს

ხორბლის პური

გლობალური გაძვირების გამო, აპრილში ხორბლის პურის ფასი წლიურად საქართველოში 30 პროცენტით გაიზარდა ,- ასეთია ფერმერთა ასოციაციის კვლევის შედეგი. კვლევამ აჩვენა ისიც, რომ ხორბლის პურის ფასი 2021 წლის მაისიდან ყოველთვიურად იზრდება.

ფასების გაძვირების ფონზე კი,  2022/23 წლებში გლობალურად ხორბლის მოცულობის მცირეოდენი შემცირებაა მოსალოდნელი.

საქართველო რუსული ხორბლის ბაზარზე რომ არის დამოკიდებული, ამას ასოციაციის კვლევაში კიდევ ერთხელ ვკითხულობთ. ორგანიზაცია ამ დამოკიდებულების შემცირების ერთ-ერთ გზად ადგილობრივი წარმოების გაზრდას ასახელებს და სახელმწიფოს რეკომენდაციებს სთავაზობს.

სახელმწიფომ კი თავისი ხედვა ცოტა ხნის წინ გაახმოვანა - დაგეგმილია ხორბლის თვითუზრუნველყოფის 50 პროცენტამდე გაზრდა. დღეს ადგილობრივი ხორბალი მოთხოვნის მხოლოდ 15%-ს აკმაყოფილებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ წლების წინ დაწყებულმა სახელმწიფო პროგრამებმა შედეგი უკვე გამოიღო - ხორბლის მოსავლიანობა შარშან 20%-ით გაიზარდა და ჰექტარზე 2.7 ტონას მიაღწია. მიზანი მოსავლიანობის 5 ტონამდე გაზრდაა.