ხაბეიშვილს ყველა თავმოყვარე პარტიამ უპასუხა, რომ არ განიხილავენ მათთან თანამშრომლობას, თავის პარტიაში ვერ აერთიანებს ხალხს - ბექა ოდიშარია

ბექა ოდიშარია

არლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, ლევან ხაბეიშვილის კომიკურ იდეას მყისიერად უპასუხა ყველა თავმოყვარე პოლიტიკურმა პარტიამ, რომ ისინი არ განიხილავენ არცერთ ეტაპზე მათთან თანამშრომლობას.

ბექა ოდიშარია გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის იმ განცხადებას, სადაც ხაბეიშვილი აღნიშნავს: „ივანიშვილის დამარცხების მთავარი გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს. ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ. მოვიდნენ და თუ უნდათ, მივეხმარებით ამ გასაღების გადამრავლებაში, რომ 5-7 პროცენტი მიიღონ, რათა ხვალ, ზეგ იყოს კოალიციური მთავრობა“.

ბექა ოდიშარიას თქმით, ლევან ხაბეიშვილი თავის პარტიაში ვერ აერთიანებს ხალხს.

„პირველ რიგში, ვისაუბრებ უტოპიური და კომიკური იდეის შესახებ, რომელიც გააჟღერა ამ არასერიოზულმა ადამიანმა, ხაბეიშვილმა, რომელსაც მყისიერად უპასუხა ყველა თავმოყვარე პოლიტიკურმა პარტიამ, რომ ისინი არ განიხილავენ არცერთ ეტაპზე მათთან თანამშრომლობას და არანაირ შესვლას არც კონსულტაციებში, მითუმეტეს, არც კოალიციებში. ხაბეიშვილი ვერ აგვარებს თავის პარტიაში, თავის პარტიაში ვერ აერთიანებს ხალხს, მათ გრანდიოზულ ოფისში მგონი, სულ სამი კაცია დარჩენილი“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში.

ამასთან, ოდიშარიამ აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველოში არჩევნები არ გაყალბებულა და ამაზე ბევრი ფაქტი მეტყველებს.

„რაც შეეხება იმას, რას ვაკეთებთ ჩვენ, ჩვენ ვიმუშავეთ საარჩევნო კოდექსზე, ჯანსაღმა ოპოზიციურმა პარტიებმა ჩვენთან ერთად იმუშავეს და პრაქტიკულად წუნი ვერ დასდეს მიღებულ დოკუმენტს, საარჩევნო კოდექსს. ჩვენ სხვა რა შეგვიძლია, გავაკეთოთ. სახელმწიფო მაქსიმალურად არ ერევა საარჩევნო პროცესში, წინასაარჩევნო კამპანიაში. ვინმეს სიმპათია თუ აქვს, მათ შორის სახელისუფლო წრეებიდან „ქართული ოცნებისა“, ამას ვერ ავუკრძალავთ. რა თქმა უნდა, ძალოვან სტრუქტურებს და სხვა მსგავსი სამსახურების წარმომადგენლებს არ აქვთ უფლება, რომ, ვთქვათ, მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ შეკრებებში და ა.შ. ეს გასაგებია და მისაღებია, მაგრამ ამ ადამიანებს აქვთ არჩევანის უფლება. არჩევნები იქნება სრულიად ახალი ტექნოლოგიით, ელექტრონული, არჩევნები არის ფარული. 2012 წლის შემდეგ არცერთ ეტაპზე არჩევნები არ გაყალბებულა. ამის ნათელი მაგალითია, რომ აგერ ორ არჩევნებში ვიღებთ მონაწილეობას და მე და ჩემი კოლეგები, ერთეული ადამიანების გარდა, მივუახლოვდით ზღვარს, დაგვაკლდა ზოგს ერთი პროცენტი, ზოგს ნახევარი, ზოგს პროცენტ-ნახევარი და მოგვიწია მეორე ტურები. სად არის ლოგიკა, რომ შეგვძლებოდა, ნახევარს მაინც გადავალახინებდით ხომ? არჩევნები დაკავშირებულია ფინანსებთან, ადამიანურ რესურსთან, ბევრ რამესთან. ბევრი რამ მეტყველებს, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში არჩევნები არ გაყალბებულა“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში.