1732386875
ხაბეიშვილის არჩევით რადიკალური ოპოზიციური სპექტრი უფრო მეტად კომიკური გახდება, ვიდრე რადიკალური - კობახიძე
მე მგონი ხაბეიშვილის არჩევით რადიკალური ოპოზიციური სპექტრი უფრო მეტად კომიკური გახდება, ვიდრე უფრო რადიკალური., - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხაბეიშვილის არჩევა არის გზავნილი, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ განმსაზღვრელია რადიკალური ნიშა და პოლარიზაციისკენ მისწრაფება.
„ეს აშკარად გამოჩნდა ე.წ არჩევნებში. ვნახოთ როგორ გაგრძელდება მოვლენები. თავისთავად, ხაბეიშვილის არჩევა ნიშნავს, რადიკალური ოპოზიციის დასუსტებას და ამ თვალსაზრისით, ძალიან კარგი შედეგით დასრულდა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩატარებული არჩევნები. ეს გამოიწვევს „ნაციონალური მოძრაობის“ შემდგომ დასუსტებას, მთლიანი რადიკალური ოპოზიციის შემდგომ დასუსტებას, რაც არის ძალიან კარგი ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის“, აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნები ისეთი პოლარიზაციის ფონზე ჩატარდა, რომ გახლეჩვა გარდაუვალია.
„დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ასეც და ისეც მოვლენები სწორი მიმართულებით განვითარდება და ეს მიმართულება რადიკალური ოპოზიციის დასუსტებაა და შესაბამისად პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა, რომელმაც ხმების 52.58% მიიღო.