კელი დეგნანს მინდა შევახსენო, ეს თემა ჰაერიდან არ მოგვიტანია - ომში ჩართვისკენ მოგვიწოდებდა უკრაინის დაზვერვის უფროსი და პრეზიდენტის მრჩევლები - პოდოლიაკი და არესტოვიჩი, ანუ მათ უკან რუსეთი დგას? - ზარქუა

ზარქუა

კელი დეგნანს მინდა შევახსენო, ეს თემა ჰაერიდან არ მოგვიტანია - ომში ჩართვისკენ მოგვიწოდებდა უკრაინის დაზვერვის სამმართველოს უფროსი და პრეზიდენტის მრჩევლები, ანუ მათ უკან რუსეთი დგას? - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან აშშ- ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას.

ამასთან, ზარქუამ კელი დეგნანს დაფიქსირებული პოზიციისთვის მადლობაც გადაუხადა.

„მინდა გამოვეხმაურო ქალბატონი დეგნანის განცხადებას ომთან მიმართებაში, რომ ეს არის რუსული პროპაგანდა, მადლობა ამ პოზიციისთვის, მე მაშინ მინდა შევახსენო ქალბატონ დეგნანს, ჩვენ ეს თემა ჰაერიდან არ მოგვიტანია. ჩვენ ამისკენ მოგვიწოდებდა უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, რომ მეორე ფრონტი უნდა გაიხსნას, ზელენსკის ადმინისტრაციის მრჩევლები, რომლებიც ამბობდნენ - რა ცუდია, რომ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" არ არიან ხელისუფლებაში, რადგან მეორე ფრონტი გახსნილი იქნებოდა. მაშინ ეს რა არის? ე.ი. ისინი რუსულ ინტერესებს ასახიერებდნენ? ანუ მათ უკან დგას რუსეთი? კითხვას ვსვამ. შეგიძლიათ ერთი თემა მითხრათ, რომ ჩვენი გუნდის წევრმა თქვა, რომ ამერიკას ომი უნდა?! ერთი მითხარით, ვინ თქვა? "- განაცხადა ზარქუამ.

კითხვაზე, როგორ შეიძლება კელი დეგნანის განცხადება უკრაინის მაღალჩინოსნებისთვის გაცემულ პასუხად აღვიქვათ, როცა არც ერთი მათგანი არ საუბრობდა, რომ აშშ- ის სურს საქართველოს ომში ჩართვა და ამას "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული ექსპერტები ამბობდნენ, ზარქუა აცხადებს, რომ "ექსპერტები კი არა, თავად დეპუტატი დგას და კითხვებს პასუხობს, ხოლო როცა შევხვდებით იმ ექსპერტს, ეს მას ვკითხოთ".

"დეგნანის განცხადება იყო მნიშვნელოვანი, ის ვინც საქართველოს ომისკენ ითრევს, ეს არის რუსული ინტერესები, რუსული დეზინფორმაცია, ცალსახად ხომ ითქვა?! ჩვენ მოგვიწოდებდა ომში ჩართვისკენ უკრაინის დაზვერვის სამმართველოს უფროსი, მრჩევლები ასევე ერთიც და მეორეც - პოდოლიაკი და არესტოვიჩი, გეკითხებით, ისინი რუსულ ინტერესებს ემსახურებიან?! "- განაცხადა ზარქუამ.