კასიანოვმა საქართველოს საგარეო უწყება უკომენტაროდ დატოვა

kasiniovi

ანდრეი კასიანოვმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ისე დატოვა, რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ანდრეი კასიანოვი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს დაიბარეს. როგორც უწყებაში განმარტეს, უკრაინის დროებით რწმუნებულს მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება მოსთხოვეს.

ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ევგენი პერებიინისს შეხვდა.

"უკრაინულმა მხარემ მადლიერება გამოხატა საქართველოს მიმართ როგორც პოლიტიკური მხარდაჭერის ასევე ომის პერიოდში გაწეული მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარებისთვის. მათ შორის უკრაინის მხრიდან გამოითქვა მადლიერება უკრაინელი ლტოლვილების მიღებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ უკრაინა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობელია ქართული მხარის მიმართ, უკრაინის მოქალაქეების საქართველოში მიღებისა და მათი დახმარებისთვის და საქართველოში უკრაინის მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავს", - აღნიშნავს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას არ გამორიცხავს, თუ მათ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენისა და „რუსების მასობრივად შემოდინების“ შემთხვევაში, საფრთხე დაემუქრებათ.