„კანდიდატები წინასაარჩევნო პერიოდში თანაბარი პირობებით არ სარგებლობდნენ“ - ეუთო მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებს აკრიტიკებს

ფოტო: OSCE

ეუთო/ოდირი მოლდოვაში 20 ოქტომბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის შესახებ წინასწარ დასკვნას აქვეყნებს, სადაც ქვეყანა ბევრი მიმართულებით არის გაკრიტიკებული.

„20 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი კარგად ორგანიზებული იყო, მონაწილე კანდიდატებს აგიტაციის წარმოება თავისუფლად შეეძლოთ, თუმცა უკანონო საგარეო ჩარევისა და აქტიური დეზინფორმაციის საფრთხე არსებობდა. ამან პროცესის მთლიანობა დაარღვია. გარდა ამისა, კანდიდატები წინასაარჩევნო პერიოდში თანაბარი პირობებით არ სარგებლობდნენ“, - ნათქვამია დასკვნაში.

„საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის ერთდროულად ჩატარება და აგრეთვე მედია საქმიანობა, რომელიც მოქმედ მთავრობას ემხრობოდა, თანაბარ შესაძლებლობებს არ ქმნიდა. კამპანიის მსვლელობისას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაც დაფიქსირდა“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

გარდა ამისა, ეუთო/ოდირი აკრიტიკებს მოლდოვას იმაში, რომ საარჩევნო დავების ეფექტური გადაწყვეტა რამდენიმე სადავო შემთხვევისას შეზღუდული იყო. დარღვეული იყო აგრეთვე მათი განხილვის ვადები.