კახა კალაძის საარჩევნო შტაბს ლევან მაჭავარიანი უხელმძღვანელებს

კახა კალაძე ლევან მაჭავარიანი

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბი ოფიციალურად გაიხსნა.

საარჩევნო შტაბი თავად მერობის კანდიდატმა, თბილისის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად გახსნა.

სიტყვით გამოსვლისას კახა კალაძემ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის თბილისელებსა და მმართველ პოლიტიკურ გუნდს მადლობა გადაუხადა.

“მინდა, პრემიერ-მინისტრს, ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს მადლობა გადავუხადო იმ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რომელსაც ის ჩვენს ქალაქში განსახორციელებელი პროექტების მიმართ იჩენს. ამ მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნება საუბარი ქალაქის განვითარებაზე. დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ერთიანი ძალიხსმევით შევძლებთ, ყველა იმ გამოწვევას, რომელიც არამხოლოდ დედაქალაქის, არამედ ზოგადად ქვეყნის წინაშე არსებობს, ღირსეულად გავუმკლავდეთ. ჩვენი ერთობით, ერთიანი სულისკვეთებით აუცილებლად დავძლევთ ყველა გამოწვევას”, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერობის კანდიდატმა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად ლევან მაჭავარიანი წარადგინა და აღნიშნა, რომ საარჩევნო შტაბი იქნება ის ადგილი, სადაც ნებისმიერ თბილისელს საკუთარი იდეების გაზიარების შესაძლებლობა ექნება.

“რა თქმა უნდა, ყველაფერს სჭირდება ხელმძღვანელი. ამიტომ, მინდა, შტაბის ხელმძღვანელად წარმოგიდგინოთ ლევან მაჭავარიანი, რომელსაც ყველა კარგად იცნობთ. ის ჩვენი თანამებრძოლი, ჩვენი გუნდის წევრია, ღირსეული ადამიანია და მთელი ამ ხნის განმავლობაში, აქტიურად არის ჩართული საარჩევნო პროცესებში. რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის მხრიდან აქვს ძალიან დიდი ნდობა. მას აქვს აღებული უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ პირველივე ტურში უნდა გავიმარჯვოთ და დავამთავროთ არჩევნები. ამ მეტად საპასუხისმგებლო ვითარებაში, რა თქმა უნდა, ჩვენი, ყველას თანადგომა ლევან მაავარიანის და ჩვენი გუნდის მიმართ ძალიან მნიშვნელოვანია. წარმატებებეს ვუსურვებ ლევანს”, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” არის ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, რომელსაც შესწევს ძალა, ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობა შეინარჩუნოს.

“დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” არის ერთადერთი გუნდი, რომელსაც რეალურად შეუძლია, შეინარჩუნოს და დაამყაროს გრძელვადიანი მშვიდობა ქვეყანაში. მშვიდობას მოაქვს განვითარება, აღმშენებლობა, კეთილდღეობა. სხვანაირად შეუძლებელია. არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ჩვენი პატარა, ულამაზესი სამშობლო გამოიყენოს თავისი ინტერესების გასატარებლად, ამით დააზიანოს დღევანდელი ვითარება და ქვეყნის მომავალი”, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის გახსნას კახა კალაძის თანაგუნდელები, მხარდამჭერები, ასევე, ბიზნესის, სპორტისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.