კახა კალაძე: თუკი ვინმე გაბედავს კანონის წინააღმდეგ წასვლას, გაბედონ - ყველა მიიღებს შესაბამის პასუხს, რა თქმა უნდა, კანონის შესაბამისად

კახა კალაძე

სიძულვილი, საზოგადოების დაპირისპირების მცდელობა, პოლარიზაციის გაღრმავება - ყველაფერი არის გარედან თავს მოხვეული. გარედან ფინანსდება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა და მოქმედმა მერმა კახა კალაძემ. ის ასე ზვიად კუპრავას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც საარჩევნო პროცესის ჩაშლა და ხელისუფლების დამხობა დააანონსა. კალაძე ყველას აფრთხილებს, რომ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს შესაბამისი პასუხი მოჰყვება.

„ჰყავთ პატრონები, ვისაც აქვს სურვილი როგორმე ქვეყანა ხელში ჩაიგდონ, იმისთვის რომ შემდეგ თავიანთი პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად გამოიყენონ. მიუხედავად ვიღაცების რაღაც მცდელობებისა, გარწმუნებთ, არაფერი არ იქნება. ქვეყანაში იქნება გრძელვადიანი მშვიდობა. თუკი ვინმე გაბედავს კანონის წინააღმდეგ წასვლას, გაბედონ და აბა იმოქმედონ კანონის წინააღმდეგ. ყველა მიიღებს შესაბამის პასუხს, რა თქმა უნდა, კანონის შესაბამისად“, - განაცხადა კალაძემ.

საარჩევნო პროცესის ჩაშლა და ხელისუფლების დამხობა - ინსტრუქციები ამჯერად ზვიად კუპრავამ გაახმოვანა. ამ პროცესში რადიკალების გვერდით არიან მოქმედი სასულიერო პირები. მათ შორისაა დოროთე ყურაშვილი.