კახა კალაძე: მუნიციპალიტეტი, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მაქსიმალურად დაეხმარება იმ კერძო მესაკუთრეებს, რომელთაც აქციის მონაწილეებმა ინფრასტრუქტურა დაუზიანეს

კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ 4 ოქტომბერს გამართული აქციის დროს დედაქალაქში არსებული არაერთი ინფრასტრუქტურა დაზიანდა, რის შედეგადაც საზოგადოებამ კარგად დაინახა, თუ როგორი ძალა დგას მეორე მხარეს.

როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, მუნიციპალიტეტი, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მაქსიმალურად დაეხმარება იმ კერძო მესაკუთრეებს, რომელთაც აქციის მონაწილეებმა ინფრასტრუქტურა დაუზიანეს.

„ბევრი პრობლემა შექმნეს დედაქალაქში. მგონი, აქაც ხედავს საზოგადოება განსხვავებას – ჩვენ ვაშენებთ, ვქმნით, რეაბილიტაციას ვუტარებთ სხვადასხვა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლს, ეს რადიკალები და მოძალადეები კი ანგრევენ, ანადგურებენ მათ. ძალიან მძიმეა და ცუდია. ხალხი ამ ყველაფერს აფასებს. ჩვენ, ცხადია, ყველას გვერდით დავუდგებით და დავეხმარებით. მაქსიმალური ხელშეწყობა ექნებათ ჩვენი მხრიდან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა აქვე უპასუხა შეკითხვას აქციის ორგანიზატორებს შორის არსებულ დაპირისპირებაზე, რომელიც აღჭურვილობის შესაძენად ემიგრანტებისგან თანხის შეგროვებას ეხება.

„არ მინდა, შიდა დაპირისპირებაში ჩავერიო. ვიღაცამ ვიღაცას ფული მოპარა, ვიღაცა არასწორად მოიქცა, ვიღაცამ ეს თქვა – ეს არ არის ჩემი საქმე. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას სწორი, ჯანსაღი პოზიციისთვის. ზუსტად იმ 1 100 000-მა ადამიანმა გასცა პასუხი იმ მოძალადეებსა და ქვეყნის მტრებს, რომლებიც აგენტურის სახით გვყავს წარმოდგენილი“, – აღნიშნა თბილისის მერმა.