კახა კალაძე კანონპროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოხმაურებებზე: შანტაჟი, მუქარა არ არის არც მეგობრული, არც პარტნიორული - ეს არაფერში ჯდება

kaxa kaladze

მას შემდეგ, რაც გამჭვირვალობის კანონის ინიცირება მოხდა, ძალიან დიდი შემოტევას ვხედავთ. თვეების წინ, როდესაც საუბარი იყო კანდიდატის სტატუსის მიცემა-არმიცემაზე, მაშინაც ვნახეთ რა განცხადებები კეთდებოდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე საერთაშორისო გამოხმაურებების შეფასებისას განაცხადა.

„ეს არის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია, დაჩაგვრის მცდელობა, მაგრამ ჩვენ თავს არავის დავუხრით ვინც არ უნდა იყოს, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ შეიძლება პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ თავმოყვარე ხალხი ვართ და პრინციპები გაგვაჩნია.

დღეს გამოდიან და გვეუბნებიან - თეთრზე შავიაო. პირდაპირ ვიტყვი, აქვთ თვალში ნაცრის შეყრის მცდელობა. ასე იყო რამდენი თვის წინაც, როდესაც კანდიდატის სტატუსზე მიდიოდა საუბარი. ახლაც იგივე პროცესი მიმდინარეობს. გვახსოვს ის შეურაცხმყოფელი განცხადებები, როდესაც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პირდაპირ ტოლობის ნიშანი ისმებოდა კრიმინალ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. გვახსოვს ის მოწოდებებიც, რომ თუ სანქციებს არ მიუერთდებოდა ჩვენი ქვეყანა, ევროპას ვშორდებოდით. ეს შანტაჟი, ეს მუქარა არ არის არც მეგობრული, არც პარტნიორული, ეს არაფერში ჯდება.

არის ადამიანების გარკვეული დაჯგუფება, რომელსაც აქვს სურვილი რომ ქვეყანა დაიმონოს, გაატაროს თავიანთი ინტერესები. უნდათ ქვეყანაში მოხდეს ის, რაც ხდება უკრაინაში, უნდათ სხვა ქვეყნის ინტერესებისთვის ჩვენი ქვეყანა გამოიყენონ. ჩვენ იმის შესაძლებლობას არავის მივცემთ, რომ ქართველი ხალხი საზარბაზნედ გამოიყენონ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.