1738268525
კახა კალაძე დონ ტუიგზე: მერწმუნეთ, ასეთი ადამიანების პოლიტიკაში საქმიანობა ძალიან მალე დამთავრდება
„ასეთი ადამიანების პოლიტიკაში საქმიანობა ძალიან მალე დამთავრდება“, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრის, დონ ტუიგის მიერ ბიძინა ივანიშვილის შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.
„ასეთ ფაშისტურ განცხადებებს ჩვენ ხშირად ვხედავთ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით. ამ ტიპის განცხადებები ქვეყნის გარეთაც კეთდება, მაგრამ მერწმუნეთ, ძალიან მალე დამთავრდება ასეთი ადამიანების პოლიტიკაში საქმიანობა. ეს არის ძალიან საშიში კაცობრიობისთვის. როდესაც სამართლიანობა იშლება და სრული უსამართლობა ისადგურებს, ეს არის უმძიმესი და ამ ყველაფერს ძალიან მალე გაეცემა შესაბამისი პასუხი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტი მსოფლიოში ბევრ რამეს შეცვლის.
„ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ტრამპის გაპრეზიდენტებით ის უსამართლობა, რაც დღეს სუფევს მსოფლიოში, დამთავრდება და ყველაფერი მიეცემა სამართლიანობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.