„ჯეო ნატურალსის“ ფინანსური დირექტორი: ქეშბექის გადახდის დაგვიანება მოქმედებს ბიზნესზე - შეკვეთის მისაწოდებლად გვჭირდება თანხა, ამიტომ მივდივართ ბანკთან, რომელიც გვაძლევს მაღალ პროცენტში სესხს და ეს პროცესი გრძელდება დაუსრულებლად

გიორგი პარკაია

მთავარი პრობლემა, რომელზეც ვისაუბრეთ, ქეშბექია, მაგრამ ქეშბექი საბოლოო ჯამში გადახდის პირობებზე მოქმედებს. ქეშბექს გვაჭრიან შეტანისთანავე, ხოლო გადახდას გვპირდებიან მხოლოდ მაშინ, როცა გაყიდიან, - ამის შესახებ, შპს „ჯეო ნატურალსის“ ფინანსურმა დირექტორმა, გიორგი პარკაიამ, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პარკაიამ აღნიშნა, გადახდის დაგვიანება პირდაპირ მოქმედებს ბიზნესზე, შესაბამისად, საბრუნავი თანხის მისაღებად, მწარმოებელს უწევს ბანკთან მისვლა, რომელიც რომელიც სესხს მაღალ პროცენტში გასცემს. მისი თქმით, ეს პროცესი დაუსრულებლად გრძელდება.

„მთავარი პრობლემა, რომელზეც ვისაუბრეთ, ქეშბექია, მაგრამ ქეშბექი, საბოლოო ჯამში, გადახდის პრობლემებზე მოქმედებს. ქეშბექს გვაჭრიან შეტანისთანავე, ხოლო გადახდით იხდიან მხოლოდ მაშინ, როცა გაყიდიან. გვეუბნებიან, რომ გავყიდეთ 20 000 ლარის პროდუქცია, გვირიცხავენ 20 000 ლარს - ამას ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ და იმავდროულად გვიგზავნიან 100 000 ლარის შეკვეთას. იგივე ქსელი გვიგზავნის უფრო გაზრდილ მოთხოვნას, ვიდრე ჩაგვირიცხეს.

ეს როგორ მოქმედებს: ჩაგვირიცხეს 20 000 ლარი, ხოლო უნდა მივაწოდოთ 100 000 ლარის პროდუქცია. ამ 100 000 ლარის შეკვეთის მისაწოდებლად ისევ გვჭირდება საბრუნავი თანხა, ამიტომ მივდივართ ბანკთან, რომელიც გვაძლევს მაღალ პროცენტზე სესხს. ეს პროცესი გრძელდება დაუსრულებლად - ჯაჭვია.

რეალურად, ჩვენი პრობლემა არის გადახდის პირობები: ჯერ ერთი, არ ვიცით, როდის და რას გვიხდიან; შემდეგ გვიწევს ბანკიდან ვალის აღება, დამატებითი კაპიტალის მოზიდვა და შესაბამისად გვეზრდება ხარჯები.

თავიდან დავიწყეთ სოფლის განვითარების გრანტითა და სესხით. ეს გრანტი და სესხი ახლა გაზრდილია, ამჟამად გვაქვს დაახლოებით 15-ჯერ მეტი მოცულობა, 6 მილიონი ლარის სესხი. გადახდის დაგვიანება პირდაპირ მოქმედებს ჩვენს ბიზნესზე“, - განაცხადა გიორგი პარკაიამ.