ჯეკ მეტლოკი: ვფიქრობ, საქართველოს მხრიდან ძალიან სწორი ნაბიჯი იყო, რომ არ შეუერთდა სანქციებს. სხვათა შორის, ეს სანქციები საერთოდ არ აკეთებს იმას, რაც უნდა გაეკეთებინა

ჯეკ მეტლოკი

ვფიქრობ, საქართველოს მხრიდან ძალიან სწორი ნაბიჯი იყო, რომ არ შეუერთდა სანქციებს, - განაცხადა ლაშა კასრაძესთან ინტერვიუში საბჭოთა კავშირში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა ჯეკ მეტლოკმა.

აღნიშნული განცხადებით მან უპასუხა წამყვანის კითხვას რუსეთისათვის საქართველოს მიერ სანქციების შესაძლო დაწესებაზე.

„სანქციები ახსენეთ და ეკონომიკის კუთხით მსურს კითხვა დაგისვათ. გემახსოვრებათ, როდესაც ომი დაიწყო უკრაინაში, როდესაც რუსეთი შეიჭრა, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იყო დიდი წნეხი ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის მაღალჩინოსნების მხრიდან, რათა საქართველო შეერთებოდა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ყველაზე აშკარა და გონივრული კითხვა ამ სიტუაციაში იყო ის, თუ როგორ უნდა გადარჩენილიყო საქართველო ეკონომიკურად მაშინ, როდესაც მხოლოდ ღვინის ექსპორტი რუსეთში ქართულ ბიზნესებს არსებობის საშუალებას აძლევს, აღარაფერს ვამბობ ციტრუსსა და სხვა საქონელზე. ეს ძალიან არადიპლომატიური და უხეში, დაუდევარი რჩევა იყო ძალიან მცირე ზომის ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის, რომელიც თავის ორ ფეხზე დგას, რომ მონაწილეობა მიეღო მილიარდობით დოლარის ოდენობის სანქციების დაწესებაში. და შემდეგ, ეტაპობრივად აშშ-მ და ევროკავშირმა უკან დაიხიეს. აქვე მინდა ვთქვა, არასამთავრობო ორგანიზაციებზეც, რადგან თქვენ ახსენეთ, რომ არ შეიძლება საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევა. საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევის ერთ-ერთი ინსტრუმენტი კი სწორედ არასამთავრობო სექტორისთვის შესაძლებლობების მიცემაა. მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო არასამთავრობოებისადმი, დასავლური გაგებით, როგორც ისინი მოქმედებენ ამერიკასა და ევროპაში და კარგ საქმეს აკეთებენ, ავლენენ სოციალ-ეკონომიკურ პრობლემებს და ა.შ. თუმცა საქართველოში მათ აქვთ უდიდესი ძალა, რომ სახელმწიფო მიიყვანონ პარალიზებამდე, თუკი მათ არ მოსწონთ ან არ ეთანხმებიან მოქმედ მთავრობას. ვფიქრობ, დამეთანხმებით, ეს არასწორი პოლიტიკაა, ძალა მისცე საზოგადოების კონკრეტულ სეგმენტს, რათა იმ დონემდე გაამწვავოს პოლიტიკური სიტუაცია, რომ შესაძლო რევოლუციამდე მიიყვანოს. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?“, - მიმართა ლაშა კასრაძემ ჯეკ მეტლოკს.

თავის მხრივ, ჯეკ მეტლოკმა აღნიშნა, რომ ეს სანქციები საერთოდ არ აკეთებს იმას, რაც უნდა გაეკეთებინა.

„ვფიქრობ, ძალიან სამწუხარო ფაქტები ვითარდება ამ გზით. ვფიქრობ, საქართველოს მხრიდან ძალიან სწორი ნაბიჯი იყო, რომ არ შეუერთდა სანქციებს. სხვათა შორის, ეს სანქციები საერთოდ არ აკეთებს იმას, რაც უნდა გაეკეთებინა, ამ სანქციებს შედეგად არ გამოუღია რუსეთის ეკონომიკის ჩამოშლა. რეალურად, ამ სანქციებმა გააძლიერა ავტორიტარიზმი და შედეგად გამოიღო ბევრი რამის გადაფასება. უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, რაც ვფიქრობ, რომ პროვოცირებული იყო, რუსეთი აშშ-სთან ბევრ სფეროში თანამშრომლობდა, მათ შორის ჩრდილოეთ კორეაზე, ირანზე. ახლა კი ისინი მოკავშირეები ხდებიან, ეს კი ძალიან ცუდია. ცუდია დასავლეთისთვის და ყველასთვის. ვფიქრობ, აბსოლუტურად არასწორია აშშ-ს მხრიდან ეს ე.წ. ბოიკოტები. და თქვენ სავსებით მართალი ხართ, ეს სანქციები საქართველოსთვის კატასტროფული იქნებოდა. ამერიკის შეერთებული შტატები კი უბრალოდ ვერ შეძლებდა ამ ყველაფრის კომპენსაციას. საქართველო არის იქ, სადაც არის. იგი არის რუსეთსა და თურქეთს შორის. სხვათა შორის თურქეთი არის ნატოს წევრი სახელმწიფო და არ შეერთებია ამ ბოიკოტებს და სარგებელსაც ნახულობს. რადგან რუსები ახლა მოგზაურობენ თურქეთში და თურქეთის ავიახაზები დიდ სარგებელს ნახულობს. სამხრეთ კავკასიის პრობლემა არის განხეთქილებები იქ მყოფ სხვადასხვა ხალხს შორის, მათ ეს პრობლემები მშვიდობიანად უნდა გადაჭრან. ჩვენ ცხადია გვაქვს ეს ტრაგიკული კონკურენცია სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის. ამას არავისთვის მოაქვს სარგებელი. ის იდეა, რომ ამ პრობლემებს ამერიკის შეერთებული შტატები გადაჭრის ან ევროკავშირი, ეს უბრალოდ არ მოხდება. ეს პრობლემები ადგილობრივია. მე ვიტყოდი, ჩემთვის, საკმაოდ გონივრულია, რომ საქართველომ, სულ მცირე, პატივსაცემი ურთიერთობა ჩამოაყალიბოს რუსეთთან, იმ აღქმის გარეშე, რომ ეს რაღაც საერთო პრობლემის ნაწილი იქნება, რაც ჩემი აზრით ყველაფერს ამახინჯებს. ვფიქრობ, ყველამ უნდა გაიაზროს, რომ მართალია საქართველო უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების რეგისტრაციას ითხოვს, თუმცა მას ეს არასამთავრობო ორგანიზაციები არ დაუხურავს. საქართველო ახლოსაც კი არ არის იმ ავტორიტარიზმთან, როგორიც რუსეთშია. ეს უნდა ვაღიაროთ. ვფიქრობ, ის მოწოდებები, რომ როგორღაც შეცვალოთ მოახლოებული არჩევნების შედეგები, აბსოლუტურად მიუღებელი უნდა იყოს. ასევე მიუღებელი უნდა იყოს ის, რომ არჩევნებში გამარჯვებულმა დამარცხებულზე შური იძიოს. ქართველებმა, ამერიკელების მსგავსად უნდა ისწავლონ, რომ დაემორჩილონ უმრავლესობის წესს. ჩვენი ქვეყანა ძალიან გაყოფილია ამ წუთას, ველით არჩევნებს, რომლის შედეგების პროგნოზირებაც შეუძლებელია, სასწორზე კი ბევრი რამ დევს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია სამართლიანი არჩევნები, ხმების სამართლიანად დათვლა, ოპოზიცია კი უნდა იყოს თავისუფალი, რომ შეეწინააღმდეგოს იმ პოლიტიკას, რასაც არ ეთანხმება. თუმცა, ვფიქრობ უნდა შეწყვიტოთ იმ იდეებზე ფიქრი, რომ ხალხმა უკანონოდ გადააყენოს ვინმე. შევარდნაძე თანამდებობიდან მის საარჩევნო ვადამდე ერთი წლით ადრე გადააყენეს.

ვფიქრობ, ეს დიდი შეცდომა იყო. ვიცი მის რეჟიმს გარკვეული პრობლემები ჰქონდა, თუმცა ის ფაქტობრივად ანარქიას ჩაუდგა სათავეში და საქართველო დააბრუნა. ის ჩემი კარგი მეგობარი იყო და ერთად ვმუშაობდით ცივი ომის დროს, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და ვფიქრობ, არ იმსახურებდა იმას, როგორც მას ბოლოს მოექცნენ. დღეს, ის იდეა, რომ „ქართული ოცნების" გამარჯვებას უნდა ეწინააღმდეგებოდეთ, რადგან ის არადემოკრატიულია, აბსოლუტურად აზრს მოკლებულია“, - განაცხადა ჯეკ მეტლოკმა.