1782072928
„ჯარის ბანაკი“ ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც ახალგაზრდებთან მიმართებით გვაქვს - ირაკლი ჩიქოვანი
„ჯარის ბანაკი“ ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც ახალგაზრდებთან მიმართებით გვაქვს, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა „ჯარის ბანაკის“ გახსნის საზეიმო ცერემონიაზე. მისი განცხადებით, „ჯარის ბანაკის“ მიმართ ინტერესი მზარდია და, განათლების სამინისტროსთან ერთად, პროექტი წარმატებით ხორციელდება. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯომარეს თავდაცვის ძალების მიმართ გამოჩენილი ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის. ირაკლი ჩიქოვანმა ხაზგასმით აღნიშნა პროექტში საპატრიარქოს მნიშვნელოვანი წვლილი.
„მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ სერჟანტს, ოფიცერს, საჩხერის სამთო მომზადების სკოლის წარმომადგენლებს, კოჯრის სერჟანტთა სკოლის წარმომადგენლებს, იმ ადამიანებს, ვინც უშუალოდ ზრუნავს ახალგაზრდებზე. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა მათთვის, ეზიარონ იმ ყოველდღიურობას, რომელიც აქვთ ჯარისკაცებს, ოფიცრებს - რას ნიშნავს სამშობლოს სამსახური. ამასთან ერთად, მიიღონ გამოცდილება, განათლება კონკრეტული მიმართულებებით და ისაუბრონ ისეთ უმნიშვნელოვანეს ღირებულებებზე, როგორიც არის ჩვენი სამშობლო, პატრიოტიზმი, ეროვნული ღირებულებები, ოჯახის სიწმინდე და, რა თქმა უნდა, ჩვენი იდენტობა“, - აღნიშნა მინისტრმა.
ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ახალგაზრდები „ჯარის ბანაკში“ უნიკალურ გამოცდილებას იღებენ და წარუშლელი შთაბეჭდილებით ბრუნდებიან. „პროექტი ემსახურება ჩვენი ჯარის პოპულარიზაციას. იმედს ვიტოვებ, რომ „ჯარის ბანაკის“ მონაწილე ახალგაზრდები
ბევრ სხვა პროფესიაში მიაღწევენ წარმატებას, ზოგიერთი შემოუერთდება თავდაცვის ძალებს, გაეცნობა სერჟანტისა და ოფიცრის ცხოვრებას და გახდება თავდაცვის ძალების ნაწილი. დღეს თავდაცვის ძალებს აქვს დიდი მხარდაჭერა და შესაძლებლობა, ყოველმხრივ განვითარდეს თითოეული ჯარისკაცი, ოფიცერი. მადლობა ამ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ ვიღებთ როგორც პრემიერ-მინისტრისგან, საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან და, ასევე, პრეზიდენტისგან“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.










