პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილის ინფორმაციით, "კრედიტ სუისის" წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილის დავის გარშემო ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ამასთან დაკავშირებით შათირიშვილი ვრცელ განცხადებას ავრცელებს.
შათირიშვილის განცხცადებას უცვლელად გთავაზობთ:
"კრედიტ სუისის" წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილის დავის გარშემო ახალი საინტერესო დეტალები ხდება ცნობილი, რასაც აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო.
პირველ რიგში, კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ სინგაპურის სასამართლოს გადაწყვეტილება სულ მალე გამოცხადდება და ძალიან მაღალი ალბათობით, ბიძინა ივანიშვილი, ბერმუდის საქმის მსგავსად, ამ საქმესაც მოიგებს, რაც სამართლიანობის აღდგენისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. ამ საქმის მოგება იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ივანიშვილი მისთვის მოპარულ ფულს, ზედა ინსტანციის სასამართლოების მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემდეგ, პოლიტიკური ბარიერების მიუხედავად, საბოლოოდ მაინც დაიბრუნებს. ასევე, კმაყოფილება მინდა გამოვხატო იმ ფაქტითაც, რომ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ბანკს ბიძინა ივანიშვილისთვის მარტიდან გაჩერებული თანხების მართალია მცირე, მაგრამ გარკვეული ნაწილის გადმორიცხვა უკვე მოუწია.
ბერმუდასა და სინგაპურში მოგებულ თანხებს შვეიცარიის სასამართლოში მიმდინარე დავის საგანს და მოპარვას გადარჩენილ თანხასაც თუ მივათვლით, გამოდის, რომ ბიძინა ივანიშვილს, საერთო ჯამში, შვეიცარიაში 2 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს დანაშაულებრივად დაკავებული. გამომდინარე იქიდან, რომ ივანიშვილი ამ თანხის უდიდესი ნაწილის საქართველოში ქველმოქმედებაზე მიმართვას აპირებს, ივანიშვილის მიერ მისი დაბრუნებით, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები, სუბიექტურადაც უნდა ვიყოთ დაინტერესებული.
როგორც ირკვევა, ივანიშვილს თანხა "კრედიტ სუისში" 2005 წლიდან ჰქონდა ჩადებული და ბანკი მას 3 წლის მანძილზე პრობლემების გარეშე ემსახურებოდა. პრობლემები სათავეს 2008 წლიდან იღებს, როდესაც შვეიცარიულმა ბანკმა ბიძინა ივანიშვილის ანგარიშის გაუგონარი ძარცვა დაიწყო. ეს ზუსტად ის დროა, როდესაც 7 ნოემბრისა და საპრეზიდენტო არჩევნების ტოტალური გაყალბების შემდეგ, ივანიშვილმა სააკაშვილს მძიმე პოლიტიკური დიაგნოზი საბოლოოდ დაუსვა და მასთან ყოველგვარი კომუნიკაცია შეწყვიტა. ივანიშვილის შვეიცარიული ანგარიშიდან ყველაზე მსხვილი თანხები სწორედ იმ პერიოდში, 2008-2010 წლებში მოიხსნა.
როგორც ბიძინა ივანიშვილისგან პირადად მაქვს მოსმენილი, მას 2007 წლის 7 ნოემბერს ადამიანების სასტიკ დარბევაზე და ტელეკომპანია "იმედში" შეჭრაზე ძალიან მკვეთრი რეაქცია ჰქონდა. როგორც ცნობილია, სააკაშვილს მაშინ თანამდებობიდან გადადგომა მოუწია, თუმცა, 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები უხეშად გააყალბა, რაც ივანიშვილისთვის საბოლოო წითელ ხაზად იქცა. 2008 წლის იანვარში ის სააკაშვილს დაემშვიდობა და ყოველგვარი კომუნიკაცია აუკრძალა. ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა გამომშვიდობებისას სააკაშვილს უთხრა, რომ პოლიტიკაში შესვლას არ გეგმავდა და წინ არ დაუდგებოდა. მას შემდეგ, სააკაშვილი ივანიშვილის შემორიგებას აქტიურად ცდილობდა და ამისათვის რამდენჯერმე სანდრა რულოვსიც დაიხმარა, თუმცა, უშედეგოდ.
ორიოდე თვის წინ, საზოგადოებას გავაცანი ჩემი არგუმენტირებული დასკვნა იმის თაობაზე, რომ "კრედიტ სუისის" მენეჯმენტს სრულად ამერიკელები აკონტროლებენ და ბიძინა ივანიშვილის საბანკო ანგარიშის ძარცვაც მათგან იყო კოორდინირებული. ამაზე დავით უსუფაშვილმა ამერიკელების დასაცავად მიპასუხა, ივანიშვილი "კრედიტ სუისის" თემაზე 2015 წელს მესაუბრა და მაშინ ანგარიშის ძარცვას ამერიკელებს აბრალებდა, თუმცა, მოგვიანებით, ეს ვერსია თავადვე უარყოო. რეალურად, უსუფაშვილს, ამერიკელების დაცვაზე მეტად, მათი მხილება გამოუვიდა. გამოდის, რომ ბიძინა ივანიშვილმა პრობლემის სათავეს ჯერ კიდევ 2015 წელს მიაგნო, ხოლო მოგვიანებით უსუფაშვილთან ეს ვერსია რატომ უარყო, ამერიკელებთან უსუფაშვილის მკაცრი სუბორდინაციის გათვალისწინებით, ძნელი გამოსაცნობი არაა.
ბანკის მენეჯმენტმა ძარცვის შესახებ ჯერ კიდევ 2010 წელს ყველაფერი იცოდა, რასაც სისტემაში დაფიქსირებული ასეულობით განგაშის სიგნალიც ადასტურებს და ეს ფაქტი შვეიცარიის ფინანსური მარეგულირებელი ორგანოს ანგარიშში ოფიციალურად არის აღწერილი. თუმცა, ბანკის მენეჯმენტს ანგარიშის ძარცვაზე არათუ რეაგირება არ მოუხდენია, არამედ, პირიქით, დანაშაულის მთავარ ამსრულებელს, პატრის ლესკუდრონს იმ პერიოდში პრემიას პრემიაზე უწერდა. ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილის თანხების მითვისება ლესკუდრონის თვითშემოქმედება არ გახლდათ და ამ დანაშაულში ბანკის მთელი მენეჯმენტი იყო ჩართული. დეტალებსაც რომ არ ჩავუღრმავდეთ, იმის მტკიცება, რომ ასეულობით მილიონ დოლარს ბანკის ერთ-ერთი კლერკი წლების მანძილზე მარტო იპარავდა, სრულიად ღიმილისმომგვრელია და ამას ბავშვიც კი არ დაიჯერებს. ამ პირობებში, ის, რომ შვეიცარიულმა ბანკმა და სასამართლომ უპრეცედენტო მასშტაბის ძარცვაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთ კაცს დააკისრეს, ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს.
ის გარემოებაც, რომ ბანკი ნაძარცვი ფულის დაბრუნებას წაგებისთვის განწირული სასამართლო პროცესების მეშვეობით აჭიანურებს, დამატებით ადასტურებს, რომ ეს ძარცვა მთლიანად ბანკის მენეჯმენტის კარნახით განხორციელდა. სასამართლო პროცესებით ძარცვის ისტორიის გახანგრძლივება არაფერში აწყობს თავად ბანკს, სამაგიეროდ სრულებით აწყობს იმ ძალას, რომელიც ბანკის განადგურებით არის დაინტერესებული.
ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ რომელიმე ქართული ბანკის თანამშრომელი დეპოზიტზე განთავსებულ თქვენს თანხას ანგარიშიდან აქრობს და ამის აღმოჩენის შემდეგ, ბანკი თანხას არათუ დაუყოვნებლივ არ გიბრუნებთ, არამედ დროის გასაჭიანურებლად, სასამართლოში სარჩელის შეტანასაც კი გაიძულებთ, სადაც თანხის დაბრუნების შესაჩერებლად თქვენთან ხანგრძლივ დავას აწარმოებს. იქვე ისიც წარმოიდგინეთ, თუ როგორ რეპუტაციულ ზიანს მიაყენებდა ამგვარი ფაქტი შესაბამის ქართულ ბანკს. ახლა კი, წარმოიდგინეთ, რომ ზუსტად იგივე არა საქართველოში, არამედ შვეიცარიაში ხდება, სადაც ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის მენეჯმენტი შვეიცარიის საბანკო სისტემის საუკუნეების მანძილზე ნაშენებ რეპუტაციას ერთი ხელის მოსმით ანგრევს.
საინტერესოა, რომ საუკუნის ძარცვის უშუალო ამსრულებელს, პატრის ლესკუდრონს შვეიცარიულმა სასამართლომ მხოლოდ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ხოლო ვადაზე ადრე განთავისუფლების შემდეგ, ველოსიპედით სასეირნოდ გასული ლესკუდრონი საეჭვო გარემოებებში ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს. საინტერესოა ისიც, რომ ძარცვის საქმის ოქროს მოწმე ბიძინა ივანიშვილსა და ბანკს შორის სასამართლო დავის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე დაიღუპა. ლესკუდრონის საეჭვო გარდაცვალების უკან სპეცსამსახურების ხელწერის ამოცნობა არცთუ რთულია.
ივანიშვილის ქართველი ადვოკატი, ვიქტორ ყიფიანი ბოლოდროინდელი მოვლენებიდან ერთ საინტერესო ფაქტზეც ამახვილებს ყურადღებას. როგორც ირკვევა, სინგაპურში სამართლებრივი დავის მიმდინარეობისას, რომელიც 5-23 სექტემბერს წარიმართებოდა, ივანიშვილს "კრედიტ სუისის" ახლად დანიშნულმა მთავარმა იურისტმა ბოდიშის მოსახდელად და მოსალაპარაკებლად საქართველოში ჩამოსვლა შესთავაზა. პროცესზე ის ღიად გამოხატავდა ივანიშვილის სასარგებლო პოზიციას, აგრეთვე უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ ბანკმა ეს საქმე სადაო გახადა და ივანიშვილს მორიგება იმთავითვე არ შესთავაზა. მთავარი იურისტი აფიქსირებდა მზაობას, ერთი მხრივ, ივანიშვილის კუთვნილი 2 მილიარდი დოლარი სრულად მის განკარგულებაში გადაეცა, ხოლო, მეორე მხრივ, ყველა შეფერხებული გადარიცხვის განხორციელება უზრუნველეყო. თუმცა, ყიფიანის წერილიდანვე ირკვევა, რომ რამდენიმე დღეში ბანკის მენეჯმენტმა მთავარი იურისტის ეს წინადადება უკან წაიღო.
აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილმა აქაც სწორად შეაფასა ვითარება და „კრედიტ სუისის“ მთავარ იურისტს საქართველოში შეხვედრაზე თავიდანვე უარი უთხრა. ცხადია, შვეიცარიული ბანკის მთავარი იურისტი ივანიშვილთან, თანხასთან ერთად, პირველ რიგში, პრობლემის მიზეზზე, ანუ პოლიტიკაზე შეეცდებოდა მოლაპარაკებას. თუ მთავარ იურისტს ფინანსურ საკითხზე სურდა მორიგება, ბუნებრივია, სინგაპურში ივანიშვილის ინტერესებს რამდენიმე ადვოკატი წარმოადგენდა და ამ საკითხზე საუბარი მათთანაც თავისუფლად შეიძლებოდა. ყველაზე ლოგიკური ახსნა იმისა, თუ რატომ სურდა მთავარ იურისტს ივანიშვილთან პირადად მოლაპარაკება, ისაა, რომ ამ საუბრის საგანი არა ფინანსები, არამედ პოლიტიკა უნდა ყოფილიყო. სასამართლო პროცესიდან არაფორმალურ ფორმატში გადასვლის მიზანიც უსათუოდ ეს იყო. ბუნებრივია, "კრედიტ სუისის" მთავარ იურისტს არაფორმალურ გარემოში პოლიტიკაზე საუბრის შესაძლებლობა მიეცემოდა, რის საშუალებასაც მას სასამართლოს ფორმატი არ აძლევდა.
მეორე თეორიული ვერსია ისაა, რომ მთავარმა იურისტმა საქმის პოლიტიკური მხარის შესახებ თვითონ არაფერი იცოდა და ამის შესახებ ბანკის მენეჯმენტისგან მხოლოდ ბოლო მომენტში შეიტყო. თუმცა, იმის ალბათობა, რომ ყველაზე მსხვილი შვეიცარიული ბანკიდან "კრედიტ სუისში" ცოტა ხნის წინ საგანგებოდ გადაყვანილი მთავარი იურისტი ინფორმაციის ამგვარ დეფიციტს განიცდიდა, დამეთანხმებით, ძალიან მცირეა.
საბოლოოდ, ბიძინა ივანიშვილმა ვითარება სწორად გააანალიზა და ბანკის მთავარ იურისტს სავსებით სწორად მიანიშნა, რომ შანტაჟის ქვეშ ვერავის ვერაფერზე მოელაპარაკებოდა. ამით მან კუთვნილი 2 მილიარდი დოლარის დაბრუნებაზე არცთუ მცირე ხნით თქვა უარი, თუმცა, სამაგიეროდ, ქვეყანას საბედისწერო ომის საფრთხე კიდევ ერთხელ ააცილა თავიდან.
საქმის გარშემო მიმდინარე პროცესები დამატებით ამყარებს ჩემს დასკვნას იმის შესახებ, რომ ბანკის მენეჯმენტი თვითდაზიანების რეჟიმში მოქმედებს და როგორც "კრედიტ სუისს", ისე, ზოგადად, შვეიცარიის საბანკო სისტემას შეგნებულად ანგრევს. სხვა ახსნა "კრედიტ სუისის" მენეჯმენტის მიერ ივანიშვილის გაუგონარ ძარცვას და ამ ძარცვის გამოვლენის შემდეგ, თანხის არდაბრუნებას, უბრალოდ, ვერ ექნება. ეს კი, თავის მხრივ, იმას ნიშნავს, რომ ბანკის მენეჯმენტი გარე ძალის კარნახით მოქმედებს, რომელსაც არა ფინანსური, არამედ პოლიტიკური მოტივი ამოძრავებს.
სწორედ ამ გარემოებით აიხსნება ისიც, რომ განსხვავებით სხვა მასალებისგან, შვეიცარიულ და საერთაშორისო მედიაში სრულად იბლოკება ნებისმიერი სტატია, რომელიც "კრედიტ სუისის" მენეჯმენტს აკრიტიკებს. არაერთხელ დავწერე, რომ ამერიკელები შვეიცარიაში, პრაქტიკულად, ყველა გავლენიან ინსტიტუტს აკონტროლებენ, რაშიც საბანკო და სასამართლო სისტემებთან ერთად, მედიაც შედის. ბანკის მენეჯმენტის რეპუტაციის დამაზიანებელი სტატიების გამოქვეყნების დაშვების შემთხვევაში, ამერიკელები იმ ტოტს მოჭრიდნენ, რომელზეც სხედან, რასაც, ბუნებრივია, არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდნენ.
ივანიშვილის ადვოკატების წერილი კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ ვითარება ბევრად უფრო საგანგაშოა, ვიდრე თავდაპირველად ვფიქრობდი. თავიდან მეგონა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში შესვლის გამო დასაჯეს. თუმცა, როგორც ირკვევა, ამერიკელებს მისი დასჯის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მაშინ მიუღიათ, როდესაც მან მათ აგენტებთან, ანუ სააკაშვილის ხელისუფლებასთან ურთიერთობაზე თქვა უარი. ბიძინა ივანიშვილი, რომელიც წინა ხელისუფლებას 2004-2007 წლებში აქტიურად ეხმარებოდა, ამერიკელებმა მათ მთავარ აგენტთან, მიხეილ სააკაშვილთან გამიჯვნისთანავე დასაჯეს და მას საბანკო ანგარიში გაუძარცვეს.
ამერიკელების მიდგომის მიხედვით, ქვეყანაში წარმატებული და დამოუკიდებელი კაცი არ უნდა არსებობდეს. მათი თანამშრომლები წარმატებულ ისტორიულ მოღვაწეებსაც კი ერჩიან. რა გასაკვირია, რომ წარმატებულ ადამიანებს ისინი თანამედროვეობაში კიდევ უფრო მეტად ვერ იტანენ და ებრძვიან.
შვეიცარია არის იმის საუკეთესო მაგალითი, თუ როგორ ანგრევენ ამერიკელები ყველაფერ წარმატებულს, რაც მათი იდეოლოგიისა და ხელწერის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინებაა. ადრეც არაერთგზის დავწერე, რომ ივანიშვილის ანგარიშის ძარცვით, ამერიკელები ერთდროულად ორ კურდღელს იჭერდნენ: ერთი მხრივ, ივანიშვილს უქმნიდნენ პრობლემას, ხოლო, მეორე მხრივ, „კრედიტ სუისისა“ და შვეიცარიული საბანკო სისტემის რეპუტაციას ანგრევდნენ. შვეიცარიის ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 2000-2011 წლებში 39 ათასიდან 91 ათას დოლარამდე გაიზარდა, ხოლო 2011 წლიდან ერთ ადგილზე გაიყინა და 2020 წლისთვის 4 ათასი დოლარით შემცირდა კიდეც. შედარებისთვის, იმავე 2011-2020 წლებში ამერიკის ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 14 ათასი დოლარით გაიზარდა. როდესაც შვეიცარიის სახელმწიფოს ერთ-ერთ უმთავრეს ეკონომიკურ საყრდენს - საბანკო სისტემას და მასთან ერთად, სასამართლო სისტემასაც ანგრევ, ცივილიზებული სამყაროს ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენს - საკუთრების უფლებას ფეხქვეშ თელავ, ასეთ პირობებში ეკონომიკის 10-წლიანი სტაგნაცია, რასაკვირველია, სრულიად ლოგიკური და გარდაუვალია.
ის მოდელი, რომელიც ამერიკელებმა შვეიცარიაში აამოქმედეს, სააკაშვილის ხელისუფლების დროს დანერგილ მართვის სქემას ძალიან წააგავს. მონოპოლიზებული ეკონომიკა და ასევე მონოპოლიზებული, მკაცრ პოლიტიკურ ცენზურას დაქვემდებარებული მედია, მანკიერ პოლიტიკურ ინტერესებს დამორჩილებული სასამართლო სისტემა, ფინანსურად წარმატებული ადამიანების რეკეტი და ამ ყველაფრის ერთი ცენტრიდან, ამერიკული აგენტურის ხელით მართვა, არის ხელწერა, რომელიც ივანიშვილის საქმიდან მკაფიოდ იკითხება და რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდის მართვის მოდელს ასე ძალიან მოგვაგნებს.
ნაციონალები მოქმედ ხელისუფლებას ხშირად აბრალებენ, ქვეყანა ივანიშვილის ფულს გადააყოლესო. სინამდვილეში, მისი ადვოკატის წერილიდან ირკვევა, რომ ივანიშვილს, პოლიტიკური გარიგების სანაცვლოდ, 2 მილიარდ დოლარზე მეტს უბრუნებდნენ და მან ამ მაცდუნებელ გარიგებას ქვეყნის ინტერესების გამო ხელი არ მოაწერა. შესაბამისად, გამოდის, რომ ხელისუფლებამ კი არ გადააყოლა ივანიშვილის ფულს ქვეყანა, არამედ ივანიშვილმა გადააყოლა ქვეყანას თავისი ფული.
საქართველოში წარმატებული ადამიანების მოფრთხილება ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია, რადგან წარმატებული სახელმწიფო სწორედ წარმატებულ მოღვაწეებზე და ქვეყნისთვის გულანთებულ ადამიანებზე დგას. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამ თვალსაზრისით ყველაზე გამორჩეული ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი იმ უსამართლობისგან დავიცვათ, რომელთან დაპირისპირებაც მას საკუთარი ქვეყნის ინტერესების ერთგულების გამო უწევს.