იუსტიციის სამინისტრო: მსოფლიო ბანკი იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობას მაღალ შეფასებას აძლევს

იუსტიცია

 იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მხარეებმა განიხილეს მსოფლიო ბანკის დაფინანსებული „მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის“ პროექტის (GRAIL) “მიწის ადმინისტრირების მომსახურების გაუმჯობესების და ციფრული მმართველობის ინფრასტრუქტურის შექმნის'' კომპონენტის მიმდინარეობა და 2026 წელს დაგეგმილი აქტივობები. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ფინანსური ინსტიტუტის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ მასშტაბური სამუშაოების შესახებ, რომელიც ქართულმა მხარემ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განახორციელა.

საჯარო რეესტრის სააგენტოსთან თანამშრომლობას მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა მაღალი შეფასება მისცეს და აღნიშნეს, რომ ეს უწყება სამაგალითოა პროექტის მართვითა და ინოვაციური განვითარებით.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საჯარო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძე და „მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის“ პროექტის მენეჯერი ელენე გრიგოლია.

მსოფლიო ბანკის დელეგაცია საქართველოში პროექტის - „მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის“ პროექტის მიმდინარეობის შეფასების მიზნით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ფინანსური ინსტიტუტის წარმომადგენლები საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დანერგილ სხვა ისეთ ინოვაციებსაც გაეცნენ, როგორიცაა: ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის პროექტი; მულტიფუნქციური გეოპორტალი NSDI.GOV.GE; გონიერი კონტრაქტი და სხვ.