იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომელიც პასიური საარჩევნო უფლების შეზღუდვის პროცედურულ საკითხებს ეხება

არჩილ გორდულაძე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილება და მხარი დაუჭირა.

როგორც მომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა, საკანონმდებლო ცვლილებებით, კონკრეტული პარტია თუ იკრძალება, მის წევრებს და მასთან დაკავშირებულ პირებს არ ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლონ პასიური საარჩევნო უფლებით, ანუ მათ აღარ შეეძლებათ, იყვნენ არჩეული, მაგალითად – საქართველოს პარლამენტსა და მუნიციპალიტეტებში. ამავდროულად, მათ შეეზღუდებათ კონსტიტუციაში დასახელებული ორგანოების ხელმძღვანელი თანამდებობების დაკავების უფლება, ვეღარ შეძლებენ, გახდნენ სხვა პარტიის წევრები. ასევე, ვერ გახდებიან სხვა პარტიების შემომწირველები.

არჩილ გორდულაძის თქმით, პარტიას, რომელიც ასეთ პირს თავის რიგებში გააწევრიანებს და შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს, დაეკისრება „სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული პასუხისმგებლობა – ჯარიმა, ხოლო კონკრეტული პარტიის მნიშვნელოვნად მეტი ადამიანი ახალ პარტიაში გაწევრიანების შემდეგ თუ გადაწყვეტილების მიმღები იქნება, ამ შემთხვევაში, შესაძლებელია ამ კონკრეტული პარტიის აკრძალვა, როგორც ე.წ. მემკვიდრე პარტიის.

„ვხედავთ, რომ 2003 წლიდან დღემდე კონკრეტული პარტიები, რომლებიც რეალურად ერთი პარტიაა სხვადასხვა სახელით, სიმბოლიკით და ფერის გამოყენებით, კონსტიტუციაში მითითებულ პარტიის აკრძალვის ყველა საფუძველს აკმაყოფილებენ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მხოლოდ 4 ოქტომბრის მოვლენებია საკმარისი იმისთვის, რომ კონკრეტული პარტიების აკრძალვის საფუძველი არსებობდეს. ის მავნებლობები, რაც საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ აქვს ჩადენილი, ასახულია როგორც საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, ასევე საზოგადოებისთვისაც არის ცნობილი. ამიტომაც, უკვე მეათედ, საქართველოს საზოგადოება, ქართველი ხალხი უარს ეუბნება „ნაცაგენტურის“ დაბრუნებას ხელისუფლებაში. შესაბამისად, ამ ცვლილებების ამოქმედების შემდეგ და მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და მოითხოვს როგორც კონკრეტული პარტიების აკრძალვას, ასევე მათთან დაკავშირებული პირებისთვის ზემოთ ჩამოთვლილი უფლებების შეზღუდვას, ჩვენს პოლიტიკაში ჩართული აგენტურა დასრულდება. ეს სრულ შესაბამისობაშია როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, ისე სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს პრაქტიკასთან. ამავდროულად, ევროპის არაერთ ქვეყანაში არაერთი პარტიაა აკრძალული და არაერთ პირს აქვს შეზღუდული პოლიტიკური აქტივობა. შესაბამისად, რეალურად სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებს, ვისთვისაც საქართველოა სამშობლო და არა რომელიმე სხვა ქვეყანა ან რომელიმე გაერთიანება, შესაძლებლობა გაუჩნდებათ ჩაერთონ პოლიტიკაში“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.