ქალი, რომელიც მეხუთე სართულიდან გადმოვარდა კლინიკაში გარდაიცვალა
1779957519
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „პენიტენციურ კოდექსში“ ცვლილება მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა.
მომხსენებლის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის გიორგი დგებუაძის განცხადებით, კანონპროექტით იცვლება და ზუსტდება პენიტენციური სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ცალკეული რეგულაციები, მათ შორის, აღმოიფხვრება ამავე კოდექსის სხვა ნორმებთან მიმართებით არსებული ცალკეული ხარვეზები და ტერმინოლოგიური თვალსაზრისით გასწორდება ცალკეულ ნორმათა რედაქციები.
მისი თქმით, „პენიტენციურ კოდექსში“ შესატანი ცვლილებები ხელს შეუწყობს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების უკეთ რეალიზებასა და პენიტენციური სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებას.
კერძოდ, ახალი კანონმდებლობის მიხედვით დარეგულირდება სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხი, „პენიტენციურ კოდექსსა“ და რამდენიმე საკანონმდებლო აქტში სახელდებით აღარ იქნება მოხსენიებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის სტრუქტურული ერთეულები.
გიორგი დგებუაძის განცხადებით, კოდექსში რამდენიმე ტერმინოლოგიური ცვლილება შედის. ერთგვაროვანი მიდგომის მიზნით, ტექნიკური ცვლილების სახით, „პენიტენციური კოდექსიდან“ ამოდის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები, რადგან იგი „სისხლის სამართლის კოდექსით“ წესრიგდება.
კოდექსის ცალკეულ ნორმებში ზუსტდება გარკვეული მოქმედებების განხორციელების ვადები.
„პენიტენციურ კოდექსში“ შესატანი ცვლილებებიდან გამომდინარე, ცვლილებები შედის ასევე: „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში და „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ კანონში.