ისე ხდება წარმოჩენა, რომ ოპოზიციის ამ ნაწილს მუშაობა სურს და სხვას - არა, რეალობაში კი პირიქითაა - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

„რიგგარეშე სესიის მოწვევით, ისე ხდება წარმოჩენა, რომ ოპოზიციის ამ ნაწილს, რომელიც სესიას იწვევს, მუშაობა სურს და სხვას - არა. რეალობაში პირიქითაა, საპარლამენტო მუშაობა მიდის და ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტირებს ამ საპარლამენტო სამუშაოს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

როგორც პაპუაშვილი განმარტავს, პარლამენტის მუშაობას ადასტურებს ის ფაქტი, რომ საგაზაფხულო სესიის დასრულების შემდეგ 7 კომიტეტის სხდომა ჩატარდა, ამასთან, უკვე ჩატარდა 5 სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 12 პუნქტის გარშემო.

„საპარლამენტო საქმიანობა მიმდინარეობს. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ საპარლამენტო საქმიანობაში ოპოზიციის ნაწილია ჩართული, ხოლო ოპოზიციის ნაწილი უარს აცხადებს მუშაობაზე. რიგგარეშე სესიის მოწვევით, ისე ხდება წარმოჩენა, რომ ოპოზიციის ამ ნაწილს, რომელიც სესიას იწვევს, მუშაობა სურს და სხვას - არა. რეალობაში პირიქითაა, საპარლამენტო მუშაობა მიდის და ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტირებს ამ საპარლამენტო სამუშაოს.

ის ოთხი საკითხი, რომელიც თქვენს მიერ პრეზიდენტის მიმართ მიმართვაში იყო ჩამოწერილი, როგორც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, პირველი ეხებოდა საკონსტიტუციო საკითხებს, რაც არ შედის 12 პუნქტის ნაწილში. მეორე საკითხი, საერთო სასამართლოებზე ეწინააღმდეგება 12 პუნქტს, ის გულისხმობს იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევის გადავადებას. პირიქით, ევროკომისია გვთხოვს, რომ ავირჩიოთ არამოსამართლე წევრები. მესამე საკითხიც საერთო სასამართლოების ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ვინაიდან ითვალისწინებს უვადოდ დანიშნული მოსამართლეების გათავისუფლების მექანიზმის შემოღებას. მეოთხე საკითხი, რაც ანტიკორუფციულ საკითხებს შეეხება, იმდენად მოცულობითი საკითხია, კომიტეტშიც არ არის განხილული. ეს საკითხი არის 12 პუნქტში, მაგრამ ის საკითხია, სადაც თანამშრომლობაა საჭირო. საერთო ჯამში, ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება პროცესის ინკლუზიურობას და თანხმობისკენ მიმართვას. როგორ წარმოგიდგენიათ ინკლუზიურობა, როდესაც მზა კანონპროექტების მიღებას გვთავაზობთ, მათ შორის, რომელიც ეწინააღმდეგება 12 პუნქტს და საქართველოს კონსტიტუციას. ნაცვლად იმისა, რომ იმ ინკლუზიური პროცესის მონაწილეები იყოთ, რომელიც პარლამენტმა დაიწყო, სურათის წარმოჩენა, რომ პარლამენტი არ მუშაობს და ახლა უნდა დაიწყოს მუშაობა საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა. მინდა ყველას მოვუწოდო, ნუ უცხადებენ ბოიკოტს საპარლამენტო მუშაობას, რომელიც მიმდინარეობს“,- აღნიშნავს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტის რიგგარეშე სესიაში მონაწილეობას არ მიიღებს. როგორც მმართველ გუნდში განმარტავენ, პროცესის მიზანია არა ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულება, არამედ პოლარიზაციის გაღრმავება.