„ის თავს დაესხა დიმიტრი სამხარაძეს, ფიზიკური ძალადობა პირველი იყო მისი მხრიდან, ახლა გამოსაძიებელია მხოლოდ ის, ამას პოლიტიკური სარჩული ედო თუ არა“ - მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში, დიმიტრი სამხარაძესა და გიორგი გახარიას შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

როგორც მდინარაძე აცხადებს, დიმიტრი სამხარაძე გიორგი გახარიამ გამოიწვია და თავდაპირველად მან ჩაარტყა ჭიქა სახეში.

მისივე თქმით, ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს გიორგი გახარიას ქმედებას ხომ არ ჰქონდა პოლიტიკური სარჩული, რადგან თუ ეს დამტკიცდა, ეს სერიოზული დანაშაულია.

"უნდა ჩამოვყალიბდეთ ვინ ვის დაესხა თავს, იყო სიტყვიერი კამათი. არსებობს კადრი, რომლის მიხედვითაც გახარიამ სახეში ჭიქა ჩაარტყა დიმიტრი სამხარაძეს. დიმიტრი სამხარაძის რეაქცია საპასუხო იყო თუ არ იყო?! თუ სამხარაძის რეაქცია საპასუხო იყო, ეს თავდასხმა როგორ არის?!

გახარია უნდა დაფიქრდეს, ხომ არ აქვს ადგილი პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მცდელობას, რაც საკმაოდ მძიმე მუხლია. ის თავს დაესხა დიმიტრი სამხარაძეს, ფიზიკური ძალადობა პირველი იყო მისი მხრიდან, ახლა გამოსაძიებელია მხოლოდ ის, ამას პოლიტიკური სარჩული ედო თუ არა, ეს თუ ასე იყო, უმძიმესი მუხლია. 325-ე მუხლის ჩადენის მცდელობას ხომ არ ჰქონდა ადგილი. დიტო სამხარაძე თავად გასცემს გამოძიებას პასუხს, იყო თუ არა საპასუხო რეაქცია, ამას სხვა ფორმალური საკითხების გარკვევა სჭირდება.

წამებულის როლში გამოსვლა ადვილია, შენ რომ ესხმი თავს თავიდან, მერე პასუხს ყველა მიიღებს, ეს ბუნებრივია, მათ შორის, თავდაცვის მიზნითაც, თავს ხომ არ გაალახინებ. ვიღაცა თავს გესხმის? თავი უნდა დაიცვა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.