ის მოუტანს ძალიან დიდ მოგებას ჩვენს ქვეყანას, წლიურად 500 მილიონი შემოვა სახელმწიფოს ბიუჯეტში" - რიმა ბერაძე Eagle Hills-ის პროექტზე

რიმა ბერაძე

 უპრეცედენტო საინვესტიციო პროექტი, როგორც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სტიმული - ასე აფასებს მმართველი გუნდი Eagle Hills-ის პროექტს, რომელიც არაბული ინვესტიციით უნდა აშენდეს. ამასთან, "ქართული ოცნება" ოპოზიციის გამოსვლებს აღნიშნულ პროექტთან მიმართებით სიცრუეზე აგებულს უწოდებს. მათივე მტკიცებით, ფრაზა, რომ "იწყება საქართველოს "არაბიზაცია", აბსურდია.

"ანტიქართული მოძრაობის წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, ყველანაირად ცდილობენ, რომ ეს პროექტი ჩაიშალონ და არ განხორციელდეს, რადგან მათ არ სურთ ჩვენი ქვეყნის გაძლიერება, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და სწორედ ამ ნარატივის მიხედვით, ისინი ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას. პროექტი არის უპრეცედენტო. ის მოუტანს ძალიან დიდ მოგებას ჩვენს ქვეყანას, წლიურად 500 მილიონი შემოვა სახელმწიფოს ბიუჯეტში, რომელიც მოხმარდება საქართველოს მოსახლეობას, ასევე, შეიქმნება ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი", - აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, რიმა ბერაძემ.

Eagle Hills სამშენებლო სამუშაოებს კრწანისსა და გონიოში რამდენიმე თვეში დაიწყებს. მოხდება საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი, 6 მილიარდ 600 მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიცია. ცნობილია, რომ პროექტი ადგილობრივი სპეციალისტების ჩართულობით განხორციელდება. ამასთან, დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა ვრცელი ვიდეომიმართვა გუშინ გაავრცელა. ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ პროექტი მოქალაქეების კეთილდღეობაზე პირდაპირ აისახება.