1743417541
"ის იმიტირებული საპროტესტო მუხტი არის მხოლოდ და მხოლოდ რადიკალური ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგის ნაწილი" - თორნიკე ჭეიშვილი გიორგი ვაშაძის განცხადებაზე

"ამით დასტურდება ის, რაზეც მმართველი გუნდი, ჩვენი პოლიტიკური ლიდერები არაერთგზის აპელირებდნენ და საუბრობდნენ. ის იმიტირებული საპროტესტო მუხტი არის მხოლოდ და მხოლოდ რადიკალური ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგის ნაწილი," - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, რითაც გიორგი ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, ოპოზიცია გაკოტრებულია და რადიკალიზმის გაღვივებით ცდილობს საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევას.
"მაშინ, როდესაც ისინი არიან აბსოლუტურად გაკოტრებულები პოლიტიკურად და არიან ფრუსტრაციაში შესულები, სხვა არაფერი დარჩენიათ, თუ არა ისევ და ისევ მიმართონ მათთვის ნაცად ხერხს და რადიკალიზმის გაღვივებით შეეცადონ საკუთარი მერკანტილური პოლიტიკური მიზნების მიღწევას, რომელიც, რა თქმა უნდა, არის წინააღმდეგობაში ეროვნულ ინტერესებთან. ალბათ, ჩვენ ძალიან მალე ვნახავთ იმას, რომ, საბოლოო ჯამში, ეს ჩიხური სიტუაცია დასრულდება რადიკალური ოპოზიციისთვის იმით, რომ თუნდაც გარკვეული იმიტაციის მცდელობა, იქნება აბსოლუტურად მოხსნილი პოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგიდან," - აღნიშნავს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თორნიკე ჭეიშვილი.
ცნობისთვის, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, პოდკასტში "ორ ცეცხლს შუა" სტუმრობისას განაცხადა, რომ არ ეთანხმება მოსაზრებას, რომლის თანახმადაც აქციებზე, ქუჩაში, აპოლიტიკური ადამიანები დგანან. მისი თქმით, ეს ადამიანები განეკუთვნებიან სხვადასხვა პარტიას და პოლიტიკასთან შემხებლობაში არიან.