1739342153
ირაკლი ქარსელაძე თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობისთვის დაქირავებული ჰოლანდიური საკონსულტაციო კომპანიის „The Stadium Consultancy” წარმომადგენლებს შეხვდა
![ირაკლი ქარსელაძე თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობისთვის დაქირავებული ჰოლანდიური საკონსულტაციო კომპანიის „The Stadium Consultancy” წარმომადგენლებს შეხვდა ირაკლი ქარსელაძე თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობისთვის დაქირავებული ჰოლანდიური საკონსულტაციო კომპანიის „The Stadium Consultancy” წარმომადგენლებს შეხვდა](https://primetime.ge/uploads/files/2025/02/13/112010/irakli-qarseladze-tbilisshi-akhali-stadionis-msheneblobistvis-daqiravebuli-holandiuri-sakonsultatsio-kompaniis-the-stadium-consultancy-tsarmomadgenlebs-shekhvda_w_h.jpeg)
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობისთვის დაქირავებული ჰოლანდიური საკონსულტაციო კომპანიის „The Stadium Consultancy” წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე საკონსულტაციო გუნდს წარმოადგენდნენ კომპანიის „The Stadium Consultancy” დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ბენ ვინბრინკი, UEFA სტადიონების მშენებლობისა და მენეჯმენტის საბჭოს წევრი, 37 წლის განმავლობაში კლუბ „არსენალის“ Emirates Stadium-ის დირექტორი და 16 წლის განმავლობაში ევროპის სტადიონისა და უსაფრთხოების მართვის ასოციაციის (ESSMA) პრეზიდენტი ჯონ ბიტი და პროგრამირებისა და პროცესის მართვის ექსპერტი, არქიტექტორი კრისტიან ვან ჰინეკე.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ახალი სტადიონის ძირითად მახასიათებლებზე და გაუზიარეს ერთმანეთს მოსაზრებები სტადიონის პირველადი კონცეფციის შესახებ. კონსულტანტებმა გააცნეს მინისტრს სტადიონის პოტენციური მდებარეობების დათვალიერების შედეგები და შეთანხმდნენ, რომ საქართველოში პირველი ვიზიტისას მიღებული ინფორმაციის დამუშავების შემდგომ წარადგენენ კონცეფციასთან დაკავშირებულ უფრო კონკრეტულ შეხედულებებს.
თბილისში რამდენიმედღიანი ვიზიტის ფარგლებში, კონსულტანტები შეხვდნენ სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მმართველ გუნდს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და რაგბის კავშირის ხელმძღვანელობას. მათ, ასევე, ადგილზე დაათვალიერეს თბილისის ახალი სტადიონის რამდენიმე პოტენციური მდებარეობა, რომელიც საბოლოოდ შეირჩევა ექსპერტთა გუნდის რეკომენდაციების შედეგად.
საკონსულტაციო გუნდი აერთიანებს სხვადასხვა მიმართულების, მრავალწლიანი გამოცდილების ექსპერტებს. ექსპერტთა ჯგუფი შეიმუშავებს როგორც ახალი სტადიონის სრულ კონცეფციას, ისე მისი განხორციელების ეტაპებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით. კონცეფციით განისაზღვრება როგორც სტადიონის მდებარეობა, ისე აუცილებელი კვლევები და სხვა დეტალები. ასევე, მომზადდება საჭირო ტექნიკური კრიტერიუმები, მოთხოვნები და დავალებები საპროექტო, სამშენებლო და საზედამხედველო მიმართულებების შესყიდვების ეტაპისთვის. ექსპერტთა გუნდის საკონსულტაციო მომსახურება გათვალისწინებულია პროექტის დასრულებამდე.
70 000 გულშემატკივარზე გათვლილი ახალი მრავალფუნქციური სტადიონი, მაქსიმალური ხილვადობის ტრიბუნებით, საქართველოს უმაღლესი რანგის საფეხბურთო და სარაგბო ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობას მისცემს. სტადიონი იქნება UEFA-ს უმაღლესი (მე-4) კატეგორიის, რომელსაც სპორტული ღონისძიებების ჩატარების გარდა, ექნება მასშტაბური საკონცერტო და საკონვენციო ცენტრის ფუქცია.
შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კობა გაბუნია, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე და მისი პირველი მოადგილე გიორგი ციბაძე.