ირაკლი ქადაგიშვილი: სანქციები პირდაპირი თავდასხმაა თავისუფალ სიტყვაზე, გვეუბნებიან, რომ საქართველოში მხოლოდ მათთვის სასარგებლო მეინსტრიმული აზრი უნდა ბატონობდეს

ირაკლი ქადაგიშვილი

ეს პირდაპირი თავდასხმაა თავისუფალ სიტყვაზე, მედიაზე, დიდი ბრიტანეთის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები სწორედ რომ პროპაგანდისტულია და არანაირი კავშირი არ აქვს რეალობასთან, - განაცხადა პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება მიღებულია პირდაპირ იდეოლოგიური განწყობით.

„გვეუბნებიან, რომ საქართველოში მხოლოდ მათთვის სასარგებლო მეინსტრიმული აზრი უნდა ბატონობდეს და საზოგადოებას სხვადასხვა აზრის მოსმენის უფლება არ უნდა ჰქონდეს. ეს დამოკიდებულება მიუღებელია, როგორც სუვერენიტეტის თვალსაზრისით, ასევე მსოფლმხედველობითი კუთხითაც. რადიკალების რეაქცია იმის მაჩვენებელია, რომ ამ ოპოზიციას ქვეყნის შიგნით არანაირი დასაყრდენი არ გააჩნია, რომ ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ ან მათი ნანატრი გადატრიალება და რევოლუცია მიახდინონ. რა თქმა უნდა, მათთვის გარედან დემოკრატიაზე ასეთი შეტევები ჭაობიდან თავის ამოყოფის საშუალებად განიხილება, მაგრამ ეს მათი დროებითი ეიფორია გადაივლის და საქართველო ჩვეულ განვითარებას გააგრძელებს. ვინც ამ ყველაფერს შიგნიდან თუ გარედან გეგმავს, რამდენიმე მიზანი აქვს - საქართველოში აზრთა მრავალფეროვნება არ იყოს. ანუ, ჩვენ იმ მდგომარეობას დავუბრუნდეთ, როგორიც წინა რეჟიმის დროს იყო, როცა ერთ-ერთ არხზე ამბობდნენ - ახალი ამბები კეთდება, აქ. ანუ, ახალი ამბები უნდა კეთდებოდეს რომელიღაც საელჩოში ან მართლა პროპაგანდისტულ მედიაში და ეს უნდა იყოს ერთადერთი ნარატივი მოსახლეობისთვის. ნათელია, რომ ერთგვარი მიუღებლობაა იმის, რომ ამდენი ძალისხმევის მიუხედავად, საქართველო მშვიდობას ინარჩუნებს და განვითარების გზაზე დგას. ნათლად ვხედავთ, რომ ამის დაზიანება ხდება. მათი მიზანია, როგორმე, ქართველი ხალხის ცხოვრების დონე გაუარესდეს, რომ ამით იქნებ რევოლუციური სცენარი აამუშაონ. როგორც თავად ამბობენ, მათი საბოლოო მიზანია, რომ საქართველო რუსეთის დამარცხების პოლიტიკაში ფრონტის ხაზი უნდა იყოს“, განაცხადა ქადაგიშვილმა.