1759659123
ირაკლი ქადაგიშვილი: „ლელოს“ მერობის კანდიდატი ამბობდა, რომ დილას მივდივართ არჩევნებზე და საღამოს დამხობის აქციაზეო. ეს ყველაფერი აჩვენებს მათ პოლიტიკურ სახეს და ამომრჩეველმაც შესაბამისი პასუხი გასცა. რაც დათესეს, ის მოსავალი მიიღეს

„ლელოს“ მერობის კანდიდატი ამბობდა, რომ დილას მივდივართ არჩევნებზე და საღამოს მივდივართ ამ დამხობის აქციაზე. ეს ყველაფერი აჩვენებს მათ პოლიტიკურ სახეს და ამომრჩეველმაც შესაბამისი პასუხი გასცა. რაც დათესეს, ის მოსავალი მიიღეს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, არჩევნების შედეგების მიხედვით შესაძლოა დასკვნების გაკეთება, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც რადიკალები მიჰყვებიან მათი ამომრჩევლისთვისაც კი მიუღებელია.
ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სწორედ ამით აიხსნება, რომ საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით თვითმმართველობის არჩევნებზე „ლელომ“ დაბალი შედეგი აჩვენა.
„იმ პარტიებს შორის ვინც ახლა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობდა ანალიზის გაკეთება უკვე შესაძლებელია. ჩვენ ვნახეთ, რომ ის ორი პარტია - „ლელო“ და გახარიას პარტია, ვინც მთელი ამ ხნის განმავლობაში ვერ ჩამოყალიბდა თუ რა იყო მათი პოლიტიკური პლატფორმა, არჩევნების შედეგები მათთვის მე ვფიქრობ არის სავალალო. იმიტომ, რომ რა შედეგებიც მიიღეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, კატასტროფულად დაეცა მათი რეიტინგიც სახეზე გვაქვს. ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ მათი პოლიტიკა მათივე ამომრჩევლისთვისაც კი აბსოლუტურად გაურკვეველი და მიუღებელი იყო. ამიტომ რაც დათესეს, ის მოსავალი მიიღეს.
„ლელოს“ მერობის კანდიდატი არჩევნების წინა დღეს გაკეთებულ განცხადებებში ამბობდა, რომ დილას მივდივართ არჩევნებზე და საღამოს მივდივართ ამ დამხობის აქციაზე. ეს ყველაფერი აჩვენებს მათ პოლიტიკურ სახეს და ამომრჩეველმაც შესაბამისი პასუხი გასცა. ოპოზიციიდან ერთადერთი ვინც წარმატებას მიაღწია ეს არის „გირჩი“. რატომ? იმიტომ, რომ „გირჩი“ თავიდანვე არ ჩაჯდა „ნაციონალური მოძრაობის აბსოლუტურ დესტრუქციულ ფერადი რევოლუციის მოწყობის ჟინზე აწყობილ პოლიტიკურ სქემაში. ფაქტია, რომ ისინი დესტრუქციული პოლიტიკოსების ნარატივს არ აჰყვნენ. გამომდინარე აქედან შედეგიც სახეზეა. მთელს რიგ ადგილებში აჯობეს კიდევაც სხვა პარტიებს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.