1759770969
ირაკლი ქადაგიშვილი: კიდევ ერთხელ თვალნათელი გახდა, რომ საქართველოში დამხობის და ხელოვნური რევოლუციების დრო წასულია. საქართველოს განვითარების და პოლიტიკური ცხოვრების ერთადერთი გზა გადის დემოკრატიულ პროცესებზე, არჩევნებზე

კიდევ ერთხელ თვალნათელი გახდა ის, რომ საქართველოში დამხობის და ხელოვნური რევოლუციების დრო წასულია. საქართველოს ხვალინდელი განვითარების და პოლიტიკური ცხოვრების ერთადერთი გზა გადის დემოკრატიულ პროცესებზე და სწორედ არჩევნებზე, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, საუბარი ისეთი ტიპის პროტესტზე, რომელიც ფერადი რევოლუციის სულისკვეთებითაა ნასაზრდოები, დასრულებულია, ხელისუფლებაში მოსვლა კი მხოლოდ არჩევნების გზით იქნება შესაძლებელი.
მისივე თქმით, სახელმწიფო გადატრიალების გეგმის ჩავარდნის შემდეგ, ყველა აქტორი, ვინც ამ აქციაზე იდგა, ცდილობს პასუხისმგებლობას თავი აარიდოს. მისივე თქმით, ის, რაც საზოგადოებამ 4 ოქტომბერს იხილა, არის პროექტი, რომელიც წლების განმავლობაში ხორციელდება.
„ქვეყანაში რევოლუციური გზით ხელისუფლების შეცვლის მთელი ეს პოლიტიკა 1 წლის განმავლობაში გრძელდებოდა და ყველა ეს აქტორი, რომელიც დღეს შეშინებული გაურბის პასუხისმგებლობას, სწორედ 4 ოქტომბრის ამ პროვოკაციის მზადებაში იყო ჩართული“, - აღნიშნავს ქადაგიშვილი.