ექსპერტებმა სქემა გაშიფრეს - შტურმი პრეზიდენტის სასახლეზე და თბილისთან ახლოს ამოღებული საბრძოლო მასალები

4 ოქტომბერი

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე, 4 ოქტომბრის აქციასა და სუს-ის მიერ ამოღებულ იარაღს, საბრძოლო მასალასა და ასაფეთქებელ ნივთიერებებს შორის კავშირის უარყოფას ცდილობს.

ბარამიძეს ინტერვიუში არაფერი უთქვამს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაზე, რომლის თანახმად, იმ პირთა წრის განეიტრალება მოხერხდა, რომლებსაც ტყეში, სამალავიდან, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები თბილისის ცენტრში უნდა გადმოეტანათ.

რა კავშირი აქვს პრეზიდენტის სასახლეზე 4 ოქტომბერს განხორციელებულ შტურმს სპეცსამსახურის მიერ თბილისთან ახლოს ამოღებულ საბრძოლო მასალებთან - სქემა გაშიფრეს ექსპერტებმა. პირი, რომელსაც ამბოხის მომხრეებისთვის შეიარაღება უნდა მიეწოდებინა, შსს-მ 4 ოქტომბერს, დილით დააკავა. ლევან ქართველიშვილის ინფორმაციით, ეს პირი რუსლან შამახიაა - "ნაციონალური მოძრაობის" დროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი და ერთ-ერთია, მათ შორის, რომელმაც იარაღის სამალავის ადგილსამყოფელი იცოდა და შეიარაღებული ამბოხის მომხრეებისთვის საბრძოლო მასალა უნდა მიეწოდებინა. გეგმა შამახიას დაკავების შემდეგ ჩავარდა.

ის, რომ ორგანიზატორები, გეგმის სისრულეში მოსაყვანად, რაღაცას ელოდებოდნენ - ეს 4 ოქტომბერს მათ კომენტარებშიც იგრძნობოდა. დღეს უკვე არსებობს ვარაუდი, რომ შამახიას დაკავების შემდეგ მათ უკვე იცოდნენ, რომ სცენარი, რომელიც ათონელის რეზიდენციასთან უნდა განეხორციელებინათ - ჩავარდებოდა, რადგან ვინც საბრძოლო მასალის სამალავის ადგილსამყოფელი იცოდა - უკვე დაკავებული იყო. დღის ბოლოს ორგანიზატორები და პაატა ბურჭულაძის ოჯახის წევრი ღიად საუბრობდნენ ჩავარდნილ გეგმასა და ღალატზე.

4 ოქტომბერს, დილით, შსს-მ, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის რუსლან შამახია დააკავა, 5 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩატარებული ბრიფინგიდან კი გაირკვა, რომ სპეცსამსახურმა დედაქალაქში თვითმმართველობის არჩევნების დღეს დივერსიული აქტები აღკვეთა და იმ პირთა წრე გაანეიტრალა, რომლებსაც შეიარაღება სამალავიდან თბილისში აფეთქებების მოსაწყობად და სამართალდამცველებისთვის ცეცხლის გასახსნელად უნდა შემოეტანათ. სუს-ის მიერ ამოღებულ იარაღს შორის იყო ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი, ხელის ტყვიამფრქვევი და კალაშნიკოვის სისტემის ავტომატები.