ირაკლი მეზურნიშვილი PABSEC-ის 66-ე გენერალურ ასამბლეაზე: ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ ამ ფორმატს, რათა როგორც ორმხრივი ურთიერთობები გავაღრმაოთ, ასევე მთლიანად PABSEC-ის ფორმატში

ირაკლი მეზურნიშვილი

საქართველო ნახევარი წლით თავმჯდომარე ქვეყანა გახდება PABSEC-ის ფორმატში. შემდეგი 67-ე გენერალური ასამბლეა გაიმართება ივნისის თვეში საქართველოში, - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეზურნიშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) რიგით 66-ე გენერალური ასამბლეაზე.

მისივე თქმით, ივნისში ასამბლეაზე შავის ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის წევრი ქვეყნები დელეგაციებით საქართველოში ჩამოვლენ.

„ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ ამ ფორმატს, რათა როგორც ორმხრივი ურთიერთობები გავაღრმაოთ, ასევე მთლიანად PABSEC-ის ფორმატში. ჩვენ წინა კომიტეტები და წინა მუშაობის პერიოდი ძალიან აქტიურად გამოვიყენეთ, იყო სხვადასხვა საინტერესო და აქტუალური თემები ისეთი, როგორიც არის ხელოვნური ინტელექტის გავლენა ეკონომიკაზე, შავი ზღვის ფორმატში ჩვენი თანამშრომლობა და პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავება. დღეს არის ამ ყველა კომიტეტის შემაჯამებელი შეხვედრა“, - აღნიშნა ირაკლი მეზურნიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში იმყოფება, სადაც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) რიგით 66-ე გენერალური ასამბლეის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველო ხდება PABSEC-ის თავმჯდომარე ქვეყანა და შალვა პაპუაშვილი, 6 თვის ვადით, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეას უხელმძღვანელებს.